ახალი ამბები

კვლევა სჭირდება, ვერ გეტყვით – ტიკარაძე საერთო კოვზით ზიარების საფრთხეზე

16 აპრილი, 2020 • 5463
კვლევა სჭირდება, ვერ გეტყვით – ტიკარაძე საერთო კოვზით ზიარების საფრთხეზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვერ უპასუხებს კითხვას, არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით, რადგან ამას „მეცნიერული კვლევა“ სჭირდება.

16 აპრილს, გვიან ღამით ბათუმში ჟურნალისტების კითხვაზე მინისტრმა განაცხადა:

„ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“…

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შეუძლია თუ არა, თქვას, რომ არ არის სარისკო, მან ისევ თქვა, რომ „საჭირო არის მეცნიერული კვლევა“…


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, პანდემიის მასობრივად გავრცელების რისკის მიუხედავად, მსახურებას აგრძელებს.

ეკლესიის და სახელმწიფოს წარმომადგებლები აცხადებენ, რომ მრევლი იცავს ტაძრებში დისტანცირების წესებს, თუმცა ამით პანდემიის გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად არ მცირდება, იმის გათვალისწინებითაც, რომ უცვლელი დარჩა საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკა.

15 აპრილს საპატრიარქოსა და მთავრობაში გაიმართა პრესკონფერენციები, სადაც სპიკერებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შეთახნმების შედეგად, კვირას, აღდგომაზე, მაინც გაიმართება მსახურება და მრევლი მაინც ივლის წირვებზე.

როგორც თეოლოგი, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელი და ინსტიტუციის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი ბასილ კობახიძე ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებს, — არასწორია მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე სწორება, რადგან ხალხის დიდი რაოდენობით ნებისმიერი შეკრების დროს არსებობს პანდემიის გავრცელების რისკი;

არაერთი კრიტიკოსის შეფასებით, ამ პროცესებში გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის დაკისრებულ მოვალეობას და ვერ ახერხებს, გავლენიანი მართლმადიდებელ ეკლესიის მიერ შექმნილი საფრთხე ააცილოს მოსახლეობას.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსი COVID-19 ერთიდან მეორე ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი