კორონავირუსის პანდემიამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ზოოპარკი გერმანიაში. BBC წერს, რომ გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთი ზოოპარკის წარმომადგენლის თქმით, შესაძლოა, ცხოველების დახოცვა მოუწიოთ სხვა ცხოველების გამოსაკვებად.
BBC-ის თანახმად, ზოოპარკებს ფინანსური სირთულე მას შემდეგ შეექმნათ, რაც პანდემიის გამო პარკებს აღარავინ სტუმრობს.
“სია გავაკეთეთ იმ ცხოველების, რომელთა დახოცვაც პირველ ეტაპზე მოგვიწევს”, – უთხრა Die Welt-ს ნოიმიუნსტერის ზოოპარკის წარმომადგენელმა ვერენა კასპარიმ. მისივე თქმით, ერთი ცხოველის მოკვლა მეორის გამოსაკვებად უკიდურესი ნაბიჯია, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო სხვა გზა არ აქვთ. მაგალითად, ის ასახელებს პინგვინებს, რომელთა გამოსაკვებადაც ყოველდღიურად თევზის დიდი რაოდენობაა საჭირო.
BBC-ის ინფორმაციით, ნოიმიუნსტერის ზოოპარკი ერთ-ერთ ასოციაციას ეკუთვნის, რომელიც მცირე ბიზნესის დასახმარებლად შექმნილი სახელმწიფოს საგანგებო ფონდის ბენეფიციარი არ არის. კორონავირუსის გამო გაზაფხულზე ზოოპარკი 175 ათას ევროს ზარალს ელოდება.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რადგან კორონავირუსის გამო თბილისის ზოოპარკი დაკეტილია. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გვეუბნება, ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავალი ზოოპარკს ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა საბიუჯეტო დაფინანსება, რაც წელიწადში დაახლოებით 3.6 მილიონ ლარს შეადგენს, ცხოველების გამოსაკვებად საკმარისია.





