ბოლნისში COVID-19 სასწრაფოს 5 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლნისში COVID-19 სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათი თანამშრომლების ნაწილს ახალი კორონავირუსი გუშინ, ნაწილს კი დღეს დაუდასტურდა. უცნობია ინფიცირების წყაროც.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული პერსონალის კონტაქტების ნაწილი მოძიებულია და თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან, დამატებითი კონტაქტების მოძიება ამ დრომდე გრძელდება.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები პირველი იყო, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 23 მარტს საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამის მიზეზად ამ მუნიციპალიტეტებში ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების აღმოჩენა დასახელდა.