„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, Covid-19-ით ინფიცირება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა.
როგორც 14 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, სასულიერი პირი მათს კლინიკაში გუშინ, 13 აპრილს მოათავსეს ოჯახის წევრებთან ერთად.
„ნეტგაზეთს“ საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ აღნიშნულმა მღვდელმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა რამდენიმე დღის წინ. თუმცა გვითხრეს, რომ ამ დროისთვის სხვა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.
ბოჭორიშვილის კლინიკის თანახმად, მღვდელს მშრალი ხველა და მაღალი სიცხე აქვს. „სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი“, – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა, მაკა სოლოღაშვილმა.
14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 296 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 68 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.
კარანტინის რეჟიმში 4838 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 434.