ახალი ამბები

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

14 აპრილი, 2020 • 3504
Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, Covid-19-ით ინფიცირება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა.

„ნეტგაზეთს“ ეს ინფორმაცია დაუდასტურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. ჯერჯერობით საპატრიარქოს არ უსაუბრია დამატებითი დეტალების შესახებ.

როგორც დაცვის თანამშრომელი ტვ პირველთან სატელეფონო საუბარში ამბობს, ის სამსახურში ბოლოს ორი დღის წინ, 12 აპრილს იყო გამოცხადებული, თუმცა სასულიერო პირებთან და სინოდის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა


Covid-19-ით ინფიცირება ამ დროისთვის ასევე დაუდასტურდა, სულ მცირე, ერთ სასულიერო პირს, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას.

როგორც 14 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, სასულიერი პირი მათს კლინიკაში გუშინ, 13 აპრილს მოათავსეს ოჯახის წევრებთან ერთად.

„ნეტგაზეთს“ საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ აღნიშნულმა მღვდელმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა რამდენიმე დღის წინ. თუმცა გვითხრეს, რომ ამ დროისთვის სხვა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.

ბოჭორიშვილის კლინიკის თანახმად, მღვდელს მშრალი ხველა და მაღალი სიცხე აქვს. „სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი“, – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა, მაკა სოლოღაშვილმა.

14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 296 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 68 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.

კარანტინის რეჟიმში 4838 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 434.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი