“გაგრაში, სანატორიუმის ბაზაზე 2016 წლის ივნისიდან ფუნქციონირებას დაიწყებს რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამედიცინო-სარეაბილიტაციო და აქტიური დასვენების ცენტრი. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ყირიმისა და შავი ზღვის სამხედრო სანატორიუმების განტვირთვას, ასევე მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს სამხედროების, სამხედრო პენსიონერებისა და მათი ოჯახის წევრების დასვენებას და აფხაზეთში ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს”, – აცხადებს რუსლან ცალიკოვი, რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი აფხაზეთში ვიზიტის დროს.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ცენტრში იქნება სპორტული დარბაზი, სასადილო, კინოდარბაზი, დასვენების პარკი, საბავშვო მოედნები და პლიაჟი. ცენტრის მთავარი ფუნქცია კი სისხლძაღრვთა სისტემის, ძვლოვანი, კუნთოვანი, ნერვული და სასუნთქი სისტემების დაავადებების მქონე პირთა რეაბილიტაცია იქნება.
“ამჟამად ცენტრში რემონტი, სამკურნალო-მატერიალური ბაზის მოდერნიზება და პერსონალის გადამზადება მიმდინარეობს”, აცხადებს ცენტრის მთავარი ექიმი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეების, გენერლების- დმიტრი ბულგაკოვისა და რუსლან ცალიკოვის აფხაზეთში სამუშაო ვიზიტის დროს მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აფხაზეთის სანატორიუმები და საკურორტო კომპლექსები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მართვაში გადაეცემა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას | |