ახალი ამბები

“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით” – იმნაძე ადგილობრივი წარმოების პირბადეებზე

9 აპრილი, 2020 • 8626
“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით” – იმნაძე ადგილობრივი წარმოების პირბადეებზე

ქართული წარმოების დოლბანდის პირბადეებს, რომელიც სააფთიაქო ქსელში გაყიდვაში გუშინ ჩაეშვა, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, თუ რამდენად არის ეფექტიანი დოლბანდისგან შეკერილი ეს პირბადე.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თავის დროზე განაცხადა, რომ წარმოებული პირბადის სტადნარტები NCDC-სთანაა შეთანხმებული.

პაატა იმნაძემ მოგვწერა, რომ ტექნოლოგია, რომლითაც პირბადეები დამზადდა, აპრობირებულია და წლების გნამავლობაში, სანამ ერთჯერადი ნიღბები შეიქმნებოდა, სპეციალისტები სწორედ ამგვარი პირბადეებით მუშაობდნენ საშიშ ინფექციებზე:

“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა”, – უთხრა პაატა იმნაძემ ნეტგაზეთს და აღნიშნა, რომ ის CDC-ს (აშშ-ის დაავადება კორნტოლისა და პრევენციის ცენტრი) რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.

როგორც დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” მისწერა, შესაბამისი რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის დეპარტამენტმა გასცა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საუბარია 400 000 პირბადეზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება 4 სააფთიაქო ქსელში: ავერსი, ფარმადეპო, პეესპე და ჯიპისი.

საქართველოში დამზადებული პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება და ერთ ადამიანს 3 პირბადის შეძენა შეეძლება. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული პირბადეები მრავალჯერადი გამოყენებისაა. მომხმარებლებმა პირბადე ხელმეორედ გამოყენებამდე უნდა გარეცხოს და დააუთაოს.


აშშ-ის ფედერალური მთავრობის ორგანომ — დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC), რომელიც ქართული NCDC-ის ანალოგია, გამოსცა ახალი რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საჯარო სივრცეებში, ანუ გარეთ, მოქალაქეებმა პირბადეები უნდა ატარონ.

CDC-ის ცნობით, უკანასკნელი კვლევების თანახმად, ასიმპტომური (ვინც არის ინფიცირებული COVID-19-ით, მაგრამ სიმპტომებს არ ამჟღავნებს) და პრესიმპტომური (ვინც ცოტა ხნის წინ გამოავლინა სიმპტომები) პაციენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შესაძლოა გაავრცელოს ვირუსი ახლო კონტაქტის (ლაპარაკი, ცემინება, ხველება) მეშვეობით ისე, რომ არც იცოდეს მისი ავადმყოფობის შესახებ.

“ამ ახალ მტკიცებულებაზე დაყრდნობით CDC გასცემს რეკომენდაციას, რომ ადამიანებმა ატარონ ნაჭრის პირბადეები საჯარო სივრცეებში, სადაც რთულია სოციალური დისტანცირების წესების დაცვა, მაგალითად, სურსათის მარკეტებში და აფთიაქებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლებია”, – წერს CDC.

უწყება ხაზს უსვამს, რომ 2 მეტრამდე სოციალური დისტანცირების შენარჩუნება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

CDC დამატებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ატარონ არა სამედიცინო პირბადეები, არამედ სახლის პირობებში ნაჭრებისგან დამზადებული ნიღბები. CDC-ის განცხადებით, სამედიცინო პირბადეები (ქირურგიული და N-95 რესპირატორები) სამედიცინო პერსონალისთვის არის კრიტიკულად საჭირო.

სახლის პირობებში ნაჭრებისგან შეკერილი პირბადეები, CDC-ის თანახმად, გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს, მაგალითად, სარეცხის მანქანაში. პირბადის სახიდან მოხნის დროს და შემდეგ არ უნდა შევეხოთ ცხვირს, პირსა და თვალებს. პირბადის მოხსნის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა ან სანიტაიზერით დამუშავება.

ამავე თემაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/266964/

მასალების გადაბეჭდვის წესი