ტრამპი: „ბერნის ხალხი რესპუბლიკურ პარტიაში უნდა მოვიდეს“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ბერნი სანდერსის გამოთიშვას საპრეზიდენტო მარათონიდან და სანდერსის მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკურ პარტიას დაუჭირონ მხარი.

ბერნი სანდერსმა 8 აპრილს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას წყვეტს. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა:

„ბერნი სანდერსი [პრეზიდენტის არჩევნებს] გამოეთიშა. მადლობა ელიზაბეტ უორენს [დემოკრატების ერთ-ერთი კანდიდატი]. ის რომ არა, ბერნი „სუპერ სამშაბათს“ თითქმის ყველა შტატში გაიმარჯვებდა“, – დაწერა ტრამპმა.

„ყველაფერი ზუსტად ისე დასრულდა, როგორც დემოკრატებსა და დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს სურდათ“, – დაწერა პრეზიდეტნმა.

მან ბერნი სანდერსის მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკურ პარტიას დაუჭირონ მხარი: „ბერნის ხალხი „რესპუბლიკურ პარტიას“ უნდა შემოუერთდეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე.

Bernie Sanders is OUT! Thank you to Elizabeth Warren. If not for her, Bernie would have won almost every state on Super Tuesday! This ended just like the Democrats & the DNC wanted, same as the Crooked Hillary fiasco. The Bernie people should come to the Republican Party, TRADE!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 8, 2020

ბერნი სანდერსმა 2020 წლის პრაიმერი ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით დაიწყო და პირველ სამ პრაიმერში კარგი შედეგიც აჩვენა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბევრი სხვა კანდიდატი პრაიმერს ბაიდენის სასარგებლოდ გამოეთიშა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დამაჯერებელი გამარჯვებების მოპოვება დაიწყო და ფავორიტის სტატუსიც მოიპოვა.

სანდერსის გადაწყვეტილების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატობის პრეტენდენტია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

CNN-ისა და NBC News-ის ცნობით, სანდერსს არ დაუკონკრეტებია, დაუჭერს თუ არა მხარს ჯო ბაიდენის კანდიდატურას.

ბერნი სანდერსი 2016 წლის პრაიმერშიც იღებდა მონაწილეობას. მაშინ ის ჰილარი კლინტონთან დამარცხდა. მას ხშირად უწოდებენ აშშ-ის მემარცხენე ფრთის წარმომადგენელსა და ლიდერს, საკუთარ თავს კი დემოკრატიულ სოციალისტად მოიხსენიებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე  წლის 3 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.