ფოთის ბაზარი დახურვას გადაურჩა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, დაიხურა სენაკის და ზუგდიდის აგრარული ბაზრები, რადგან უსაფრთხოების ზომების დაცვა ვერ შეძლეს.

მისი თქმით, განსხვავებული ვითარებაა ფოთის ბაზარში, სადაც ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

“სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი “უნივერსამი”. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე, დისტანციის დაცვას. ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა. რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც საბჭოს სხდომაზევე გადაწყდა დახურვა”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი. ფოთის ბაზრის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გამოსავალი იპოვა:  ხდება ფულის დეზინფექცია და სტერილიზაცია, ყველა შემსვლელს უზომავენ სიცხეს, დაცულია სოციალური დისტანცია.

ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]