ახალი ამბებიეკონომიკა

გახარია “აგარის შაქრის” და ადგილობრივი წარმოების ამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს

3 აპრილი, 2020 • 3205
გახარია “აგარის შაქრის” და ადგილობრივი წარმოების ამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს

პრემიერი-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის საუბარია “აგარის შაქრის” ამუშავებაზე.

გახარიას თქმითვე, პანდემიის პერიოდში სხვადასხვა ნაწარმზე სრულად შეცვლილია მოთხოვნა რეგიონის ქვეყნებში, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ ამ მოცემულობით უნდა იხელმძღვანელოს და ისე შეიმუშაოს ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობამ უკვე მოიწონა ეკონომიკის სამინისტროს გეგმა, სადაც ძირითადი აქცენტი ქართული წარმოების გაკეთებაზეა გაკეთებული, მათ შორის, “აგარის შაქარის” ხელახლა ამუშავებაზე.

“სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც. ამიტომ, ისეთი წარმოებები, რომლებიც ეფექტიანობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ”, – აღნიშნა პრემიერმა და თქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები არა მხოლოდ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, არამედ სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, იმპორტის კუთხით, რათა ადგილობრივ წარმოებასთან ერთად დაკმაყოფილდეს შიდა მოთხოვნა.

დღეს, 3 აპრილს, გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ეკონომიკის დასახმარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიარდი ლარზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა. გახარიას განმარტებით, საკრედიტო სქემა ბიზნესს კრიზისის შემდგომ პერიოდში დაეხმარება. გახარიას თქმით, გარდა ამისა, ბიზნესის დახმარების ნაწილში საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება.

“მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე პოსტკრიზირულ პერიოდში”, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი