ახალი ამბები

რატომაა კონტაქტების შემცირება აუცილებელი საქართველოში

30 მარტი, 2020 • 3483
რატომაა კონტაქტების შემცირება აუცილებელი საქართველოში

თუკი მოსახლეობამ არ დაიცვა სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები და კონტაქტების რაოდენობა არ შეამცირა, მაშინ საქართველომ შესაძლოა ძალიან მალე, სულ რაღაც მე-11 კვირაში (ანუ მაისის მეორე კვირაში) მიაღწიოს ეპიდემიის პიკს;

პიკურ კვირაში ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა თითქმის 6,000 შეიძლება იყოს, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა ვერ გაუძლებს, — ეს პროგნოზი ეკუთვნის „საერთაშორისო ფონდ კურაციოს“, რომელიც ჯანდაცვის სფეროს იკვლევს.

ფონდმა 27 მარტს გამოაქვეყნა დოკუმენტი, „COVID-19 ეპიდემია საქართველოში, პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები“, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთვის მომზადდა ჯანმოსთან არსებული „ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის“ ფინანსური მხარდაჭერით.

რას გვამცნობს დოკუმენტი?

თავდაპირველად დოკუმენტი მიმოიხილავს 27 მარტისთვის არსებულ მდგომარეობას — რომ ამჟამად საქართველო ეპიდემიის გავრცელების „კლასტერულ“ ფაზაში იმყოფება და გვამცნობს, რომ ეპიდემიის მომდევნო საფეხური „მასობრივი გავრცელებაა“, რომლის დროსაც გადაცემის ჯაჭვის იდენტიფიკაცია შეუძლებელი ხდება.

ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყნის მაგალითების შედარებით, ფონდის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პირველი 100 შემთხვევა საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან 30-35 დღეში გამოვლინდება.

მაგალითები - ვრცლად

ფონდი წერს, რომ კითხვაზე, თუ რამდენი დღე სჭირდებათ ქვეყნებს ეპიდემიის მასობრივი გავრცელების საფეხურზე გადასასვლელად, პასუხი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, მათ მიერ ეპიდემიის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების შესაბამისად.

მაგალითად, „ევროპის ქვეყნებს და ამერიკას პირველი 100 დადასტურებული შემთხვევის გამოსავლენად 11-დან 37 დღემდე დასჭირდათ. თუმცა ნიშანდობლივია, რომ ქვეყანებს, რომლებიც პასიური საპასუხო აქტივობებით გამოირჩეოდა (იტალია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ესპანეთი, ავსტრია, აშშ,) პირველი 100 შემთხვევის შემდეგ 500 შემთხვევა 3-4 დღეში დაუდგა“.

წყარო: საერთაშორისო ფონდი კურაციო

მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკზე გერმანია, დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია შედარებით დაბალ მრუდს აჩვენებს, ყველა ამ ქვეყანას COVID-19-ის ახალი შემთხვევების ყოველდღიური 23-31%-იანი ზრდა აქვს.

ესტონეთში ეპიდემიის ზრდა 11% ზრდით მიდის, ლატვიაში- 12%-ით, ხოლო ლიტვაში, სადაც შემთხვევათა რაოდენობა 22 მარტს გადასცდა 100-ს, 19%-იანი ზრდა აღინიშნება.

ფონდი აღნიშნავს, რომ „შედარების დროს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ქვეყნის ზომა და მოსახლეობის სიმჭიდროვე“, ამის შემდეგ კი აზიის რამდენიმე ქვეყანას მიმოიხილავს:

„აზიის ქვეყნები, რომლებმაც ეპიდემიასთან ბრძოლის მკაცრი და დროული ღონისძიებები გაატარეს, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჰონგ კონგი, სინგაპური და ტაივანი, პირველი 100 შემთხვევა დაუდგათ 20, 36, 36 და 66 დღის შემდეგ“.

რაც შეეხება დაინფიცირებული შემთხვევების 500-მდე გაზრდას, — სამხრეთ კორეამ ამ ნიშნულს 100 შემთხვევიდან 2 დღეში მიაღწია, სინგაპურსა და ჰონგ კონგს ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგებისთვის 14 დღე დასჭირდა. ტაივანმა კი 100 შემთხვევას გადააჭარბა სულ ახლახან – 66-ე დღეს.

„სამხრეთ კორეაში ეპიდემიის სწრაფი მატება უკავშირდება ეპიდემიის დასაწყისში ეპიდაფეთქების შემდეგ ჩატარებულ ინტენსიური კონტაქტების კვლევას და მასშტაბურ ტესტირებას, რის გამოც გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა, სავარაუდოდ, მაქსიმალურად უახლოვდება ინფექციის რეალურ გავრცელებას“, – აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები.

COVID-19 შემთხვევების მატების დინამიკა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. წყარო: საერთაშორისო ფონდი კურაციო

ზემოხსენებულ ქვეყნებში ეპიდემიის ზრდის ტემპის მახასიათებლების გათვალისწინებით, ფონდი ვარაუდობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ტემპი ევროპა/აშშ-ის და აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს შორის არის და ამ დაშვებით სავარაუდოა, რომ პირველი 100 შემთხვევის გამოვლენა საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან 30-35 დღეზე მოხდება.

პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 30 მარტს საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან ზუსტად 35 დღე გადის. 30 მარტის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 98 შემთხვევაა დადასტურებული.

პროგნოზი საქართველოში

COVID-19 ეპიდემიისთვის საქართველოს მზაობის შესაფასებლად „საერთაშორისო ფონდმა კურაციომ“ ორი მოდელირებული სცენარი მოამზადა, რისთვისაც ორი ინსტრუმენტი გამოიყენა:

  1. COVID-19 Hospital Impact Model for Epidemics, — შემუშავებული პენსილვანიის Penn Medicine Predictive Healthcare Team-ის მიერ სპეციალურად ამ ეპიდემიისთვის. ეს მოდელი ეფუძნება რამდენიმე დაშვებას, რომელიც კორონავირუსის ჰოსპიტალიზებული შემთხვევების მართვის მახასიათებლებს უკავშირდება და საშუალებას იძლევა განისაზღვროს „სოციალური დისტანცირების“ სხვადასხვა დონის გავლენა ვირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის დონეზე;
  2. FluSurge2.0, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ პანდემიური გრიპის პროგნოზისთვის შეიქმნა; ეს მოდელი პანდემიური გრიპის შესაფასებლად გამოიყენება და არ არის მორგებული COVID-19-ის ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებზე;

ამ მოდელების მიხედვით მიღებული შედეგები ასეთია:

ჰოსპიტალიზაციის შედარება სხვადასხვა მოდელის გამოყენებით. მარცხენა მხარეს პირველი მოდელი, მარჯვენა მხარეს — FluSurge მოდელი. გათვლები ჩატარებულია 2020 წლის 19 მარტს. წყარო: კურაციო

ამ გრაფიკიდან ვიგებთ, რომ:

  • სოციალური დისტანცირება სასიცოცხლოდ აუცილებელია ეპიდემიის შესაკავებლად;
  • ამის გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა მაისის მეორე კვირაში და მხოლოდ ამ კვირაში ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 5,950 იქნება, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა ვერ გაუძლებს;
  • მოქალაქეებმა 10%-ით მაინც რომ შეამცირონ კონტაქტები, ეპიდემიის პიკი მიიღწევა მე-14 კვირას და ახალი ჰოსპტალიზებული პაციენტების რაოდენობა 4,174-მდე მცირდება;
  • კონტაქტები 20%-ით რომ შეამცირონ, ეპიდემია პიკს მიაღწევს მე-17 კვირას (ივნისის შუაში) და ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 2,656-მდე შემცირდება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ტვირთს ჰოსპიტალურ სექტორზე;
  • კონტაქტების 30%-ით შემცირებით ეპიდემიის პიკმა შეიძლება 22-ე კვირამდე (ივლისის ბოლომდე) გადაიწიოს, ასევე, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობის შემცირება 1,418-მდე;
  • COVID-19 Hospital Impact მოდელით მიღებული გათვლები მნიშვნელოვნად აღემატება FluSurge 2.0-ით მიღებულ შედეგებს 12-კვირიანი ეპიდემიისთვის.
  • ამ გათვლების გამოყენებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას, რომ ისინი მრავალ დაშვებას ეფუძნება.

ახალი კორონავირუსის პანდემიისას ეკონომიკური პროგნოზების სანახავად გირჩევთ:

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი