სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 29 მარტს, წირვა გაიმართა. როგორც წირვიდან გავრცელებული კადრებიდან ჩანს წირვის დასრულების შემდეგ მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ. დეკანოზის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სახელმწიფოსგან რეკომენდაციები მიიღეს, რაც უმთავრესად ეკლესიაში მომლოცველებს შორის დისტანციის დაცვას გულიხსმობს. ჯაღმაიძის თქმითვე, საპატრიარქო ამ რეკომენდაციას ასრულებს და მაგალითად სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ წირვაზე ეს დისტანცია დაცული იყოს.
“რეკომენდაციები გვაქვს მიღებული და მათზე დამატებითი განმარტებებიც მივიღეთ. განგვიმარტეს შემდეგი რომ მთავარი დისტანციის დაცვაა და დღეს თქვენ ნახეთ როგორი მოწესრიგებული იყო მსახურება. ამას გარდა, ამ დღეებში ძალიან ბევრ მასალას იხილავთ, რადგან ჩვენ ვთხოვეთ ტაძრებს, სადაც მსახურება ჩატარდა ეს წესი დაეცვათ და შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა გადმოეგზავნათ,”-აცხადებს ჯაღმაიძე.
მართმადიდებლური ეკლესიის პატრიაქი ილია მეორე წირვას ბოდბის მონასტერში ჩაატარებს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, წირვის დროს მრევლი ტაძარში არ იქნება და პატრიარქის წირვას ეზოში მოისმენს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან. მისი თქმით, გამონაკლისს არც სამეგობრო, ოჯახური თუ რელიგიური შეკრებები არ უნდა წარმოადგენდეს.
მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით (21 აპრილამდე) იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.
ბუნდოვანი რჩება, ეხება თუ არა დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები საეკლესიო რიტუალებს. შესაბამისი კითხვის პასუხად პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “10 ადამიანამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს”, თუმცა საქართველოს ეკლესიებში გრძელდება ღვთისმსახურება, რომელსაც, ხშირად, 10 ადამიანზე მეტი ესწრება. სასულიერი პირების ნაწილი მათ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.