ჩვილის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, შვილის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ი.ნ., რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

გამოძიების თანახმად, სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.