კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი 6 მილიარდი ლარი იქნება – ხაზარაძე 

პარტია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა დადოს ციფრი, თუ რა ზარალს მიაყენებს ჯამში კორონავირუსი საქართველოს. თავად კი ამბობს, რომ მათი დათვლით, პანდემიის გამო მიყენებული ზიანი 6 მილიარდი ლარი იქნება. 

ამის შესახებ ხაზარაძემ 27 მარტს ისაუბრა ტვ “პირველის” გადაცემაში “ღამის ამბები”.

“ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – ჩვენ  რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ, ეს ყველაფერი მიდის ციფრებამდე და მთავრობა უნდა გამოვიდეს და თავისი ბიუჯეტი დადოს – თუ რა ზარალს მიაყენებს კორონავირუსი ჩვენს ქვეყანას. რა გარღვევა ექნება ბიუჯეტს. 

სანამ რაიმე გეგმაზე იქნება საუბარი, მათ უნდა თქვან,  რა ოდენობის გარღვევა ექნება ბიუჯეტს, ეკონომიკას”. 

ხაზარაძის თქმით, მათი დათვლით, ეს არის დაახლეობით 6 მილიარდი ლარი: 

“ჩვენ დავითვალეთ და ეს არის დაახლოებით 6 მილიარდი ლარი.  შეიძლება ეს ვიღაცას ბევრი მოეჩვენოს – ეს არ არის პირდაპირი თანხა.  ნაწილი აქედან , ნახევარი დაახლოებით, არის საგარანტიო თანხა, რომ არ გაჩერდეს ჩვენი საშუალო და მცირე ბიზნესი, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მათ გააგრძელონ მუშაობა და არ გაუშვან თანამშრომლები სამსახურიდან და მეორე სამი მილიარდი ჩვენ გავყავით სამ ნაწილად – პირველი მილიარდი სამი-ოთხი თვის განმავლობაში უნდა მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას – სოციალურად დაუცველები, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ეს საკმაოდ დიდი არმიაა და მეორე მილიარდი უნდა მოხმარდეს ლარის სტაბილიზაციას”. 

მისი თქმით, 6 მილიარდი არა მხოლოდ მოკლევადიან გამოწვევებზე იქნება გათვლილი, არამედ გრძელვადიან პრობლემებსაც მოაგვარებს. 

ყოფილი ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად პოლიტიკური პარტიის ლიდერია, მიიჩნევს, რომ საქართველოს ისეთივე ნათელი გეგმა უნდა ჰქონდეს ეკონომიკური გამოწვევებისთვის, როგორც ვირუსის მართვის კუთხით აქვს და მისი თქმით, მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი უნდა დადოს. 

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად