ახალი ამბები

რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე

26 მარტი, 2020 • 2494
რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე

დღეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ალბათ, ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ვისმენთ: „ველოდებით შედეგს ლუგარის ლაბორატორიიდან“…

ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც საქართველოში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად, 2011 წელს გაიხსნა, ასე ხშირად წინა წლებში არ ახსენებდნენ, თუმცა კონკრეტული ჯგუფი აქტიურად ცდილობდა დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში საშიშ ცდებს ატარებენ, ბიოლოგიური იარაღი მზადდება და ამას ამერიკა რუსეთზე თავდასხმისთვის აკეთებს, საქართველოს კი მხოლოდ იყენებენ…

ამ მოსაზრებას კრემლთან დაახლოებული ადამიანები და მედიასაშუალებები ახმოვანებდნენ საქართველოში. მაგალითად, 2015 წლის ბოლოს თბილისში კონფერენცია მოეწყო იმის გასარკვევად, თუ რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში. კონფერენციის შემდეგ პრორუსულ მედიასაშუალებებში, ასევე, რუსულ მედიაში, დაიწერა სტატიები იმის შესახებ, რომ ექსპერტები თბილისიდან „ლუგარის ლაბორატორიაში“ საფრთხეს ხედავენ.

რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება „ლუგარის ლაბორატორიის“ მიმართ დღეს? – კითხვა 2015 წელს ჩატარებული კონფერენციის რამდენიმე მონაწილეს და მის ორგანიზატორს დავუსვით.

„ამ საკითხზე არასდროს მითქვამს ჩემი მოსაზრება, თქვენ, ეტყობა, გეშლებათ…. მე მქონდა კითხვები ამ ლაბორატორიის მუშაობაზე და, შესაბამისად, მოვისმინე ინფორმაცია. ყველას გვქონდა ეს კითხვები მაშინ“, – გვითხრა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც 2015 წელს ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, დღეს კი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია.

დიმიტრი ლორთქიფანიძეს წლების წინ მისი გამოსვლა შევახსენეთ, როცა ამბობდა: „ან აგვიხსნან, რა სარგებლობა მოაქვს ამ ლაბორატორიის არსებობას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მეცნიერების განვითარებისთვის, ხოლო, თუ ეს ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის საცავია, მოსალოდნელი რისკების არსებობის შესახებაც უნდა ვიცოდეთ…“

„კი, მე მქონდა კითხვები და მოვისმინე პასუხები. ბატონმა ამირან გამყრელიძემ მაშინ ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა იქ“, – იხსენებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ყოფილ პოლიტიკოსს და ახლა უკვე რუსეთთან დაახლოებული სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს დაზუსტება ვთხოვეთ: „ვის ჰქონდა კითხვები და ეჭვები, რუსეთის გარდა?“

„ყოველთვის არსებობს რაღაც, როცა საიდუმლოდ მიმდინარეობს პროცესი…“, – გვიპასუხა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა, რა უნდა ეჩვენებინა ლაბორატორიას ისეთი, რომლის შემდეგაც ეს კონკრეტული ადამიანები კრემლის ვერსიებს აღარ დაუჯერებდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამ კონფერენციიდან ისიც დაამახსოვრდა, რომ ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების მოწვევას დაჰპირდნენ.

„ბატონმა ამირანმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ რუსი სპეციალისტების მოწვევაც იგეგმებოდა ლუგარის ლაბორატორიაში, რომ მომხდარიყო ადგილზე შესწავლა და ყველა იმ შიშის გაქარწყლება, რაც არსებობდა მსოფლიო მედიაში“, – დასძინა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

„რომელ მსოფლიო მედიაში ნახეთ ეს შიშები?“ – ვთხოვეთ საკითხის დაკონკრეტება „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელს.

„არ ვარ სათანადოდ ინფორმირებული… მე ვესწრებოდი ამ კონფერენციას და ამირან გამყრელიძის პირიდან მოვისმინეთ ეს ინფორმაცია. სხვა კომენტარს ვე გავაკეთებ“, – დაგვემშვიდობა დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ლუგარის ლაბორატორის კვლევით ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებია განთავსებული. მე-3 დონის ზონა ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიებს, ასევე, ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავს მოიცავს. ლუგარის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, მთელ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე აქვს.

„გაუთავებელი მითქმა-მოთქმა იყო, საგანგაშო გზავნილები რუსეთიდან. ამიტომაც შევიკრიბეთ ყველა. ვის რა მოსაზრება გვქონდა, ჩვენ ავსახეთ ყველა თვალსაზრისი და დავდეთ რეკომენდაციაა, რომ საზოგადოება ყოფილიყო უკეთ ინფორმირებული“, – გვითხრა ნანა დევდარიანმა, რომელმაც 2015 წელს თბილისში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ კონფერენცია მოაწყო. იგი არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელია.

კონფერენციის შემდეგ ორგანიზაციამ სტატია მოამზადა და რამდენიმე მედიასაშუალებით გაავრცელა, მაგალითად, „სპუტნიკი“, „საქინფორმი“, „საქართველო და მსოფლიო“… ეს მედიასაშაულებები, „მედიის განვითარების ფონდის“ შეფასებით, პრორუსულია.

„მითების დეტექტორის“ შეფასებით, სტატიები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მოწყობილ კონფერენციას ეხებოდა, დეზინფორმაციას შეიცავდა და მცდარ მონაცემებს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

“გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ძირითადად დასავლეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ექსპერტები თუ მკვლევრები მონაწილეობენ. მედიის განვითარების ფონდის კვლევაში „ანტიდასავლური პროპაგანდა“ცენტრის დამფუძნებელი  ნანა დევდარიანი ხშირად ფიგურირებს, როგორც ანტიდასავლური განწყობების ერთ-ერთი წყარო“, – აღნიშნულია „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თუ ვინმე მეტყვის, რომ ბატონი ამირან გამყრელიძე, ან პაატა იმნაძე არიან ანტიდასავლური განწყობის მქონე, კი ბატონო, ისინიც ესწრებოდნენ ამ კონფერენციას… იცით, რა: ყველას აქვს თავისი აზრი, ზოგს ასეთი აზრი აქვს, ზოგს – ისეთი. არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ“, – გვიპასუხა ნანა დევდარიანმა „მითების დეტექტორის“ შეფასებაზე.

„შეუწყო თუ არა ამ კონფერენციამ ხელი ლაბორატორიის მიმართ ეჭვების გაჩენას, რა მიზანიც მაშინ რუსულ პროპაგანდას ჰქონდა?“ – ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ მას რუსულ პროპაგანდასთან საერთო არაფერი აქვს და თავადაც მოსწონს ლუგარის ლაბორატორიის თბილისში არსებობა.

„…ჩვენ ვითხოვდით მხოლოდ მეტ ინფორმაციას, ეს არის და ეს. ახლა პანდემიამ მოიტანა უკვე ის, რომ საზოგადოებამ გაიგო სრულად, რას აკეთებს ეს ლაბორატორია“, – დასძინა ნანა დევდარიანმა.

ნანა დევდარიანის მსგავსად, „მითქმა-მოთქმას“ ახსენებს ჟურნალისტი ხატია სიჭინავაც, რომელსაც 2019 წლის იანვარში ინსტაგრამში დაწერილი სტატუსი გავახსენეთ.

”ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს.. საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის… ვინმემ ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება, რა ვირუსებს გვიყრიან იმ დასაწვავ ლუგარის ლაბორატორიიდან! ისიც არ იციან, რა ვირუსია და როგორ ვებრძოლოთ!”- წერდა ხატია სიჭინავა. მას არ მოუმზადებია ჟურნალისტური მასალა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, თუმცა ამ ჟურნალისტის სტატუსზე პრორუსულმა მედიასაშუალებებმა სტატიები მოამზადეს.

„სეზონური გრიპი იყო ბავშვებში და ამაზე ცუდი მდგომარეობა, საავადმყოფოებში ადგილი არ იყო, ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ შევიყვანე ბავშვი, იმხელა რიგები იყო. უამრავი მითქმა-მოთქმა იყო ამ ლაბორატორიაზე, რომ იქ ვერავინ შედიოდა და რას აკეთებდნენ, არ იცოდნენ. ამ მითქმა-მოთქმის საფუძველზე ვთქვი მაშინ ეს… დღეს, რა თქმა უნდა, ლაბორატორია ძალიან გამოადგა ქვეყანას“, – გვითხრა ხატია სიჭინავამ.

ჟურნალისტი არ ფიქრობს, რომ მაშინ რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცა. ამბობს, რომ იმ ადამიანებს დაუჯერა, რომლებიც ლაბორატორიასთან ახლოს ცხოვრობენ და, როგორც ჟურნალისტს, არ უცდია, რეალურად გაეგო, რა ხდებოდა ლუგარის ლაბორატორიაში.

„მე საერთოდ პრესისგან არ გამიგია ეს და არც გავლენის ქვეშ ვექცევი… არ მიცდია იქ შესვლა, რადგან ეს ჩემი სფერო არ არის… არ ვიცი, იყო თუ არა ამაში ჩართული რუსული პროპაგანდა, ასე ღრმად ვერ ვერკვევი პოლიტიკურ სიტუაციებში, თუმცა დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა ხდება: ჩინეთში რომ ლუგარის ლაბორატორია ვირუსს ვერ გაავრცელებდა, ცხადია, მაგრამ რაღაც მსგავსი ლაბორატორიიდან რომ არის გავრცელებული, ესეც ფაქტია. აბა, ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა?“ – კითხულობს ჟურნალისტი ხატია სიჭინავა.

ვის სურდა და რატომ საზოგადოებაში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ეჭვის გაჩენა?   – ეს სანდრო ბრეგაძეს ვკითხეთ, „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერს.

„სხვათა შორის, ბრიტანელმა ჟურნალისტმაც მკითხა ეს… მე არც ადრე მჯეროდა შეთქმულების თეორიების, თუმცა გეტყვით იმას, რაც ფაქტია: ცივი ომი მიმდინარეობს რუსეთს და ამერიკას შორის, რუსეთს ეს არ სიამოვნებს, მთავარი ეს არ არის, რა არ სიამოვნებს რუსეთს. მთავარია, ამ შემთხვევაში რა სარგებლობა მოაქვს ლაბორატორიას საქართველოსთვის და ჩვენ ამ სარგებელს ყველა ერთად ვხედავთ“, – ამბობს სანდრო ბრეგაძე. იგი რუსული პროპაგანდის ხელს გამორიცხავს ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნის მცდელობის საქმეში.

„რუსეთს, ბუნებრივია, აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ეჭვები გაჩნდა იმის გამო, რომ ლუგარის ლაბორატორიის გახსნა დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, ყველას გვახსოვს, როგორი პომპეზურობით გახსნა და ახლაც როგორ საუბრობს ლაბორატორიაზე… საზოგადოებას არ სჯერა მიხეილ სააკაშვილის. მეორე პრობლემა იყო გამჭვირვალობა – საზოგადოებას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია და ამიტომ შეიქმნა ეს განწყობა“, – ირწმუნება სანდრო ბრეგაძე.

რას ამბობდა კრემლი და მისი მედია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, საშიში მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა – ამ ყველაფერს, უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ წერს.

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ფაქტობრივად, მისი გახსნისთანავე დაიწყო. ამ საკითხზე რუსეთმა მკაცრი განცხადებებს მიმართა 2018 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთში მცხოვრებმა იგორ გიორგაძემ, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, განაცხადა, რომ ამ ლაბორატორიაში აშშ-ის სამხედრო და კერძო კონტრაქტორები, სავარაუდოდ, საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე.

ამ განცხადების შემდეგ ლაბორატორიის მახლობლად მცხოვრებმა ადამიანებმა ლაბორატორიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც გამართეს.

გიორგაძის განცხადებას გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინი. მან თქვა: „მე ვერ განვსჯი, რამდენად უტყუარია ეს ინფორმაცია. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რაც, რა თქმა უნდა, განგაშის საფუძველს იძლევა. თუ ეს კვლევები ნამდვილად ტარდება, ეს ძალიან სახიფათოა და კავშირშია გენეტიკის სფეროში ბოლო მიღწევებთან. საუბარია პრეპარატებზე, რომლებმაც შესაძლოა იმოქმედოს ადამიანზე შერჩევით, გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მისი კავშირის შესაბამისად“.

რუსეთის პრეზიდენტმა ისიც ივარაუდა, რომ „ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებსა და ვირთხებზე… რომლებიც კარდინალურად ცვლიან თავდაპირველ იერსახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს“.

რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ თქვა: „ეს ლაბორატორია მართლაც რეალური საფრთხეა საქართველოში ადამიანის უფლებებთან და არამხოლოდ მასთან დაკავშირებით“.

რუსეთის პროპაგანდა უფრო შორსაც წავიდა. საგარეო უწყების პრესპიკერმა მარია ზახაროვამ ლუგარის ლაბორატორია იმ ბრიფინგზე ახსენა, რომელიც რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის სკანდალურ ფაქტს უკავშირდებოდა. ზახაროვამ თქვა:

„თვითონ ფაქტი, რომ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს პენტაგონი მასშტაბურ სამედიცინო-ბიოლოგიურ საქმიანობას ეწევა, ჩვენში საგანგებო შეშფოთებას იწვევს“.

საგარეო უწყებამ ბოლოს ისიც კი განაცხადა, რომ მოსკოვი ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს აშშ-ს საქართველოში ლაბორატორიის საქმიანობაზე, სადაც შესაძლოა ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

სინამდვილეში კი ეს ცენტრი ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვას ემსახურება.

დღეს კი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას ვირუსის სწრაფად გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.

 

რა იცით ლუგარის ლაბორატორიაზე? Quiz

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი