ახალი ამბები

მარნეულში ამ ეტაპისთვის 1000 სწრაფი ტესტია ჩამოტანილი – ტიკარაძე

25 მარტი, 2020 • 945
მარნეულში ამ ეტაპისთვის 1000 სწრაფი ტესტია ჩამოტანილი – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მარნეულში, სადაც დროებით სპეციალური საკარანტინო ზომები მოქმედებს, მოქალაქეები ვირუსზე შემოწმებას სწრაფი ტესტებით შეძლებენ.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, ჯამში, 1000 ტესტი ჩაიტანეს. მისივე თქმით, სწრაფი ტესტებით პაციენტები კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებაზე პასუხს 6 საათის ნაცვლად 1.5 საათში გაიგებენ. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში, ჯამში, 200 ათასი სწრაფი ტესტი უნდა ჩამოვიდეს, ხელშეკრულების მიხედვით ტესტებს ქვეყანაში ეტაპობრივად შემოიტანენ.

“დღეს, როგორც იგეგმებოდა, სწრაფი ტესტების პირველი პარტია ჩამოვიდა. ეს სწრაფი ტესტები იმ ტესტების მსგავსია, რომლებიც საქართველოში აქამდე იყო, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად 1.5 საათამდე შემცირდა. რაც პირველი ეტაპისთვის იმის საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო შემოკლებულ ვადაში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ჩვენი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ და უკვე დასქრინულია 35 ათასი მოქალქე, ჯამში, დაახლოებით 8 ათასამდე ოჯახი. მათგან გამოვლინდა უკვე ჯგუფები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სამომავლოდ მიზნობრვიი ჯგუფების შერჩევა გაგრძელდება. 25-მდე ადამიანს ამ ეტაპისთვის გარკვეული ჩივილები დაუდგინდა და ამ ჩივილების შესაბამისად მათ ტესტირება ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე 1000 ტესტია ადგილზე ჩამოტანილი”,-აცხადებს ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი