ნეტგაზეთი | მარნეულის კარანტინს ქსენოფობიის ტალღა მოჰყვა – „არა-ფობიას ! “ მარნეულის კარანტინს ქსენოფობიის ტალღა მოჰყვა – „არა-ფობიას ! “ – Netgazeti

მარნეულის კარანტინს ქსენოფობიის ტალღა მოჰყვა – „არა-ფობიას ! “

პლატფორმა „არა-ფობიას“ ავრცელებს განცხადებას, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის ტალღის გამო, რომელიც მარნეულის კარანტინსა და თანმდევ მოვლენებს მოჰყვა.

პლაფტორმა თავის განცცხადებაში მოუწოდებს მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუწყონ. ამასთანავე, აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში.

„ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, (ენობრივი ბარიერები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ნაკლებობა, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა, ინტეგრაციის დაბალი დონე, ნაკლები პოლიტიკური ჩართულობა და სხვა), ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„არა-ფობიას!“ მოუწოდებს:

მედიას, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ისეთ კომენტარებზე, რომლებიც ქსენოფობიური შინაარსისაა და კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ახდენს საზოგადოების დაყოფას და ეთნიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა დისკრიმინაციას;

პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში;

სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა ჯგუფებს, სოციალურ მედიაში ქსენოფობიური შინაარსის მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, გაასაჩივრონ ასეთი განცხადებები ფეისბუკის და ტვიტერის საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისად.

განცხადებას ხელს აწერენ:

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საფარი

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი

თბილისი პრაიდი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან