მაქსიმალურად ვეცადოთ სახლში დარჩენას – ბორჯომის ეპისკოპოსი მრევლს

მართლმადიდებელი ეკლესიის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი მრევლს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეცადონ, სახლებში დარჩნენ.

წერილის შესავალში ეპისკოპოსი მრევლს ესაია წინასწარმეტყველის (26-20) სიტყვებით მიმართავს: „მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“.

„რთული განსაცდელის წინაშე ვდგავართ განსაკუთრებული რეჟიმის გამო, რომელიც გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ და უმორჩილესად გთხოვთ, რომ სიყვარულითა და ერთმანეთის ზრუნვით გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი“, – წერს ეპისკოპოსი მიმართვაში.

სასულიერო პირი ციტირებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სიტყვებს, რომლის თანახმადაც „ვირუსის პიკური პერიოდი იწყება და შევდივართ გარკვეულ პრეკრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულეები ვერ იცავენ ამ წესებს და ბატონ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით დღეიდან იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. საგანგებო მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო“, – წერს ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი ლაზარე მრევლს შეახსენებს, რომ 21 მარტიდან საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მათ რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდებს:

ეპისკოპოსი ლაზარე მიმართვას, რომელიც ბორჯომის ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა, ფეისბუკზეც ავრცელებს.

22 მარტს, მას შემდეგ, რაც მარნეულელ ქალს, რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა და ათობით ადამიანთან ჰქონდა შეხება, კორონავირუსი დაუდგინეს, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

21 მარტის გადაწყვეტილებით, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით წირვების შეწყვეტას არ გეგმავს.

დეკრეტით არ იზღუდება რწმენის თავისუფლება – თალაკვაძე წირვებზე