ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა

22 მარტი, 2020 • 3510
აფხაზეთში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 22 მარტს მაინც გაიმართა, წინასწარი შედეგებით, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

23:30 საათის მონაცემებით, დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი და ასლან ბჟანიას ხმათა 56.85% აქვს მიღებული (52 289 ხმა).

ადგურ არძინბა (მარცნიდან მესამე) ასლან ბჟანიას (მაჯვნიდან პირველი) არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. 22.03.2020. ფოტო: ნეტგაზეთი

ასლან ბჟანია ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელიც არჩევნებამდე სამი კვირით ადრე რუსეთში შეუძლოდ გახდა და შესაძლო მოწამვლის დიაგნოზით კრასნოდარის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მოგვიანებით რუსმა ექიმებმა ბჟანიას პნევმონიის დიაგნოზი დაუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ბჟანიამ წინა არჩევნების დროს ჯანმრთელობის პრობლემის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. ამჯერად გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად სწორედ ის მიიჩნეოდა.

ეს არჩევნები განმეორებითია — 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნები, სადაც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, არაკანონიერად სცნეს.

არჩევნების განმეორებით დანიშვნას ოპოზიციის აქციები და შტურმით სამთავრობო შენობების აღება უძღოდა წინ. განმეორებით არჩევნებს აფხაზეთში ბჟანიას მხარდამჭერების აქტიური მოქმედებების შედეგად მიაღწიეს.

მეორე ადგილზე გავიდა ეკონომიკის ექს-მინისტრი ადგურ არძინბა, რომელმაც 35.44% მიიღო.

მესამე ადგილზე გადის ლეონიდ ძიაპშიპა, ამ დროისთვის ხმების 2.17%-ით. მან მესამედ დააყენა საკუთარ კანდიდატურად პრეზიდენტობისთვის, თუმცა სამივეჯერ 10%-ზე ნაკლები აიღო.

აქტივობამ დაახლოებით 70% შეადგინა. ფორმალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტიურობით ამჯამადაც გალის რაიონის გამოირჩეოდა – 68% [813 ადამიანი].

თუმცა, ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც ამ სტატისტიკაში არ შედის — გალში აფხაზური პასპორტები მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს.

უბნებთან შეკრებილი ამომრჩეველი ამბობდა, რომ ვირუსების არ ეშინიათ. აფხაზეთში ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა.

„ნეტგაზეთის“ რეპორტაჟი სოხუმიდან:

“ვირუსების არ გვეშინია” – ხალხმრავალი დე ფაქტო არჩევნები აფხაზეთში [ფოტორეპორტაჟი]

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს რუსეთის მიერ აფხაზეთის სამხედრო ოკუპაციის გამო.

გირჩევთ ასევე:

ვის სურს და არ სურს დიალოგი თბილისთან? – რას პირდებიან აფხაზ ამომრჩეველს

მასალების გადაბეჭდვის წესი