კორონავირუსის ფონზე EMC მთავრობას უსახლკაროების დაცვისკენ მოუწოდებს

EMC კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ეხმიანება და საქართველოს მთავრობას უსახლკარო და სოციალურად მოწყვლადი სხვა ჯგუფების უსაფრთხოების დაცვისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

“ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, აუცილებელია, მთავრობამ მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, არამედ სოციალური დაცვის ასპექტებიც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შექმნილ მდგომარეობაში უსახლკარო პირთა საჭიროებების გათვალისწინება და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფაა, რაც შექმნილ ვითარებაში, უსახლკარო პირთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ უსახლკაროთა ჯგუფები, მათ შორის, ქუჩაში, თავშესაფრებსა თუ საცხოვრისის სხვა სერვისებში, ასევე, არასათანადო გარემოში, მაგალითად, საჯარო და კერძო შენობებში თვითდახმარების მიზნით მცხოვრები პირები, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ეპიდემიის პირობებში – ერთი მხრივ, ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ მოკლებულნი არიან წყალთან და ჰიგიენასთან წვდომას.

ასევე, ისინი ვერ ახერხებენ იზოლაციას და დაინფიცირების პირდაპირი რისკის ქვეშ დგებიან, ხოლო, მეორე მხრივ, არასათანადო გარემოში ცხოვრების გამოცდილების გათვალისწინებით, მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რაც, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აყენებს. ქუჩაში მცხოვრები პირების  მოწყვლადობას კიდევ უფრო აძლიერებს ჯანდაცვის სერვისებზე არასაკმარისი წვდომა.

არსებული საფრთხეების პარალელურად, EMC-ის თქმით, გამოწვევაა ამ ჯგუფების სათანადო ინფორმირება.

აღნიშნული ჯგუფებისათვის უსაფრთხო პირობების შექმნის პარალელურად, EMC-ის განცხადებით,  ყურადსაღებია იმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც საცხოვრისებიდან გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან.

EMC მთავრობის ადმინისტრაციას, ჯანდაცვის სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს: