მოქალაქე საქართველოს საკონსულოს ტრაპიზონში უყურადღებობაში ადანაშაულებს

გიგა შუბითიძე ამბობს, რომ შაბათს, 15 აგვისტოს, თავის საცოლესთან ერთად გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე და უკან დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ საბუთები და მთელი მისი თანხა დაკარგა.

 

მისი თქმით, დაუჯდა ტელეფონი და ვერც საკუთარ ნათესავებთან შეძლო დაკავშირება და ვერც თურქეთის მესაზღვრეები დაეხმარნენ.

 

ამის შემდეგ  საქართველოს საკონსულოს ქალაქ ტრაპიზონში დაუკაშირდა და დახმარება სთხოვა. საკონსულოს წარმომადგენლმა კი უთხრა, რომ საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას საკონსულო მისცემდა, თუმცა ამაში უნდა გადაეხადა 35 დოლარი და ჩასულიყო ტრაპიზონში, მაშინ, როცა საქართველოს საზღვართან ახლოს, სოფელ ქემალ-ფაშაში იმყოფებოდ, ამბობს შუბითიძე.

 

“როდესაც საკონსულოს წარმომადგენელმა მიპასუხა და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, მხოლოდ ერთი რამ მითხრა _ საიდანაც გინდა იშოვე 35 დოლარი (ფული მაქვს დაკარგული-თქო ვუთხარი, მაგრამ ალბათ ვერ მიხვდა) ჩამოდი ტრაპზონში, ოღონდ ორშაბათსო (შაბათი დღე იყო) და საბუთს გაგიკეთებო. ამის შემდეგ ისევ დაწვრილებით ავუხსენი, რომ მთელი ჩემი ფული და საბუთები დავკარგე და არც ღამის გასათევი მქონდა ორშაბათამდე. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ მითხრა, ეგ ჩვენი პრობლემა არ არის, თუ ჩამოხვალ ორშაბათს და ჩამოიტან ფულს, გაგიკეთებთ საბუთს, თუ არადა, რაც გინდა ის ქენიო. გაკვირვებულმა დაჟინებით ვთხოვე დაესახლებინა თავის ვინაობა, თუმცა სახელის გამხელისგან თავი შეიკავა და ტელეფონიც გათიშა. არც ჩემი სახელით, გვარით და თურქეთში ყოფნის მიზნით დაინტერესებულა… მოკლედ, ასე “დამიკიდა” ჩემი თბილი, ტკბილი ქვეყნის საკონსულოს უცნობმა წარმომადგენელმა”, – ამბობს შუბითიძე.

 

შუბითიძის თქმით, მას ისევ ადგილობრივი თურქი დაეხმარა, მისცა თავშესაფარი და საკვები, რის შემდეგაც მან შეძლო დაკავშირებოდა თავის ნათესავებს, რომელთა დახმარებით მოახერხა საქართველოში დაბრუნება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შუბითიძე საკონსულოს კვირა დღეს დაუკავშირდა. სამინისტროს განმარტებით, საკონსულოს არ ჰქონდა უფლება, რომ ბაჟის გადახდის გარეშე მიეცა მისთვის საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა.

 

სამინისტროს განმარტებით, მოწმობა გადასახადის გარეშე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გაიცემა, თუ პირი სოციალურად დაუცველია, ან პენსიონერი. სამინისტროს განმარტებით, საკონსულოში მას შესთავაზეს, რომ დაეწერა განცხადება, უსასყიდლოდ მიეღო დასაბრუნებელი მოწმობა, ამისთვის კი უნდა ჩასულიყო ქალაქ ტრაპიზონში. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საკონსულო სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში “საკონსულო საქმიანობის შესახებ” კანონს დაარღვევდა.

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ტრაპიზნში. ფოტო: საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში
საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ტრაპიზნში. ფოტო: საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში