ახალი ამბები

“მეორე არხზე” მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა

16 მარტი, 2020 • 9642
“მეორე არხზე” მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად გადაკეთდება და მოსწავლეები მისი მეშვეობით სატელევიზიო გაკვეთილების ყურებას შეძლებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც მაუწყებელში ამბობენ, აღნიშნული პროექტის დაწყება კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვითარების განმუხტვის შემდეგაც გაგრძელდება.

მაუწყებლის ცნობითვე, ახალი პროექტისთვის ასევე გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმებიც – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები:

“შემუშავების პროცესშია სასწავლო საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი), რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის ცნობილი პედაგოგები ჩაატარებენ. გამოყენებული იქნება წამყვანი კომპანიების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებიც” ,- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

GPB-ის თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრიც ესწრებოდა. საზოგადობერივი მაუწყებლის მიხედვით, მიხეილ ჩხენკელის თქმით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილების ნახვის საშუალება ექნებათ, მათ შორის იმ ბავშვებსაც, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ:

“უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. ეს გახლავთ „ტელესკოლის“ პროექტი, სადაც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, ექნება საშუალება, ნახოს ძალიან საინტერესო, საუკეთესო გაკვეთილები ყველა საგანში“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, რომ პროექტი იქნება გრძელვადიანი და მიზნად ისახავს საქართველოს მეორე არხის საგანმანათლებლო არხად გადაქცევას.

დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი