სურსათის მარაგის ამოწურვის საფრთხე არ არსებობს – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით ქვეყანაში სურსათის ამოწურვის საფრთხე არ არსებობს, რადგან სხვადასხვა ქვეყანასთან შეწყვეტილია მგზავრების მიმოსვლა, თუმცა ტვირთები საქართველოში ჩვეულად შემოდის. ამის შესახებ თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.

“მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ სურსათის მარაგი არ შეწყდება. მარაგი ყოველდღიურად ახლდება. მომარაგების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში მაგრამ, რაც შეეხება სასაქონლო მარაგების და ტვირთების შემოსვლას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე მთლიანად რეგიონის ქვეყნები ვართ თანხმობაში და კოორდინაციაში. წუხილის რაიმე საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა თურნავამ

საქართველოში 14 მარტის შუადღის მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54.