Google map-ის საზღვრებს ლეგალური ძალა არ გააჩნია – საგარეო გარეჯზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გუგლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გუგლის რუკებზე სახელმწიფო საზღვრები მოცემულია სქემატურად და მათ არ გააჩნიათ რამე სახის ლეგალური ძალა.

მანამდე ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგლის რუკაზე დავითგარეჯის საზღვრები შეიცვალა და აზერბაიჯანის საზღვარმა აღდგომის ტაძრიდან ქართული ტერიტორიის სიღრმეში 45 მეტრით გადმოიწია.

დავით ქაცარავამ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს წერილით მიმართა და ითხოვა განმარტება, რის საფუძველზე შეიცვალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ზოლი გუგლის რუკაზე.

“რამდენადაც ვიცით, გუგლის რუკის ადმინისტრაცია ადგენს სახელმწიფო საზღვრებს მხოლოდ სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. როდის და რა დოკუმენტის საფუძველზე რუსთავი-ჯანდარა-დავით გარეჯის გზის მონაკვეთი მოიქცა აზერბაიჯანის მხარეს? ასევე, აღდგომის ტაძართან სახელმწიფო საზღვარმა გადმოიწია აღდგომის ტაძრიდან 45 მეტრით საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, რაც გულისხმობს აღდგომის ტაძრის და უდაბნოს მონასტრის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემას”, – ნათქვამია ქაცარავას წერილში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მის სრულ დასრულებამდე და შესაბამისი ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის ლეგალური ჩარჩო არ არსებობს.

“დავითგარეჯთან არსებული ვითარება საკმაოდ სენსიტიური და ემოციურია საზოგადოებისთვის, თუმცა პოზიტიური შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. ამ მხრივ ნებისმიერი პროვოკაციული ან თუნდაც ემოციური გარემო ძაბავს ვითარებას და მეტ პრობლემას ქმნის მოლაპარაკებების პროცესში. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებულ მოცემულობაში თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით:

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ზემოხსენებულის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კავშირზე არიან გუგლის ადმინისტრაციასთან მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და შედეგებზე ფართო საზოგადოებას დამატებით ეცნობება.