დავითაშვილი საქართველოში გახშირებულ ხანძრებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართელოს ტყეებში გახშირებულ ხანძრებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს და ამბობს, რომ წელს ნალექი, დაახლოებით, 20-40%-ით არის შემცირებული.

მინისტრის თქმით, პირველი მარტიდან საქართველოში 43 ხანძარის იყო, ეს ხანძრები ჯამში 500 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ხანძრის შემთხვევებით საქართველოს რეგიონებიდან კახეთი ლიდერობს, სადაც ამ პერიოდში, დავითაშვილის თქმით, ხანძრის 18 კერა დაფიქსიდა. ამ ფონზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

“გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე ნალექების რაოდენობა ევროპის კონტინეტის დიდ ნაწილში შემცირდა, მათ შორის, საქართველოში. მრავალწლიანი დაკვირვების ჭრილში წელს ნალექი 20-40%-ით შემცირდა. ხანგრძლივი უნალექო პირობების გამო მთელი ზამთრის განმავლობაში გვალვიანი პერიოდი შენარჩუნდა. განსაკუთრებით მომატებულია ხანძრების რისკი გამომშრალი ნიადაგისა და ბალახის საფარის გამო, რაც ხანძრის წარმოშობისა და მისი გავრცელების ხელშემწყობი პრიობაა.”