ახალი ამბები

შეთანხმების შესრულება პოლიტიკურ ბოიკოტს მოხსნის – ბოკერია

9 მარტი, 2020 • 714
შეთანხმების შესრულება პოლიტიკურ ბოიკოტს მოხსნის – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემაზე გაცემულ დაპირებას შეასრულებს:

“ამ შეთანხმების შესრულება პოლიტიკურ ბოიკოტს მოხსნის. როცა დავინახავთ რომ ეს დაპირება სრულდება, რისი იმედიც მაქვს… წინასწარ არანაირ ეჭვს არ გამოვთქვამ, მაშინ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბოიკოტი მოიხსნება. პრაგმატულადაც დაინტერესებული ვართ პარლამენტში შესვლაზე, რადგან “ოცნებაზე” უკეთ ვიყენებთ ტრიბუნას. თან ქვეყნისთვის ნორმალური ამბავია, რომ პარლამენტში დისკუსია იყოს.”

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდა, რომ 2020 წლის არჩევნები კვლავაც შერეული (პროპორციულ/მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა მნიშვნელოვნად იცვლება თანაფარდობა სიით ანუ პროპორციული წესით არჩეულ და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის.

2016 წელს საქართველოში 77 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული (სიით) წესით და 73 მაჟორიტარი. ახლა ეს ბალანსი იცვლება: 2020 წელს სიით 120 დეპუტატს აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარული წესით – 30. განსხვავდება საარჩევნო ბარიერიც: თუ 2016 წელს მინიმალური ბარიერი  (ანუ ზღვარი რის შემდეგაც პარტიას/გაერთიანებას პარლამენტში შესვლის უფლება ენიჭება) 5% იყო, 2020 წელს 1 პროცენტი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი