ვინ არის ტუმსო აბდურაჰმანოვი?
ტუმსო აბდურაჰმანოვი ცნობილი ჩეჩენი ბლოგერია, რომელმაც კადიროვის გარემოცვასთან დაპირისპირების შემდეგ, საფრთხის გამო, ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა. მან თავშესაფარი საქართველოსაც სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა.
აბდურაჰმანოვს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფარზე უარი 2018 წელს უთხრა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ Amnesty International-მა პოლონეთს მოუწოდა აბდურაჰმანოვი რუსეთში არ გაეძევებინა. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ მას რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრებოდა.
რა შეიძლება მოტივი ყოფილიყო?
ბოლო პერიოდში ევროპაში სულ მცირე, ორი ჩეჩენი ლტოლვილი მოკლეს — ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი იყო, მეორე კი — იმრან ალიევი, აგრეთვე ცნობილი, როგორც „მანსურ სტარიი“, საფრანგეთში, ქალაქ ლილში.
27 თებერვალს ჟურნალისტებმა კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, რატომ ესხმიან თავს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსებს გამუდმებით თავს, რაზეც უპასუხა: „ჩვენ არ ვართ მიდრეკილნი პარალელების გავლებისკენ“.
აბდურაჰმანოვზე თავდასხმასთან დაკავშირებით მან თქვა: „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინციდენტია რუსეთის დღის წესრიგისთვის“.
2019 წლის მარტში ჩეჩნეთის ვიცეპრემიერი მაგომედ დაუდოვი, რომელიც რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია, აბდურაჰმანოვს „სისხლის აღებით“ — შურისძიებით დაემუქრა. ამას წინ უძღოდა აბდურაჰმანოვის მიერ რამზან კადიროვის მამისთვის, ახმად კადიროვისთვის „ჩეჩენი ხალხის გამყიდველის“ წოდება.
დაუდევმა ამაზე პასუხად ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აბდურაჰმანოვი მისი და მისი ძმების მტერი იყო და პირობა დადო, რომ „იპოვიდა და გაუსწორდებოდა“.