ევროპარლამენტის წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „წუხილს გამოთქვამენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში საქართველოს უკუსვლის“, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდების გამო და ასევე გმობენ 2019 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.
ისინი აგრეთვე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
წერილის ასლი, რომელსაც ხელს 26 ევროპარლამენტარი აწერს, ნეტგაზეთს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა მიაწოდა.
ევროპარლამენტარები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოში ახალი წევრების წევრების დანიშვნის პროცესს აკლდა გამჭვირვალობა.
ევროპარლამენტარების წერილში ყურადღება დაეთმო ინფორმაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ Facebook-მა გაავრცელა – სოცქსელმა მრავალი ყალბი ანგარიში წაშალა, რომელიც კომპანიის განცხადებით საქართველოს მთავრობასთანაც იყვნენ დაკავშირებული. ევროპარლამენტარები ამას „განსაკუთრებით იმედგამაცრუებელს“ უწოდებენ.
იხილეთ წერილის სრული ვერსია:
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია,
საქართველო, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმომწერი, ევროკავშირის მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პარტნიორია და უნიკალური ადგილი უკავია ევროპულ სამეზობლოში.
თუმცა, როგორც საქართველოს ნამდვილმა მოკავშირეებმა, ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებმა უნდა გამოვხატოთ ჩვენი შეწუხება საქართველოს უკუსვლით კანონის უზენასობისა და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში.
ვწუხვართ, რომ ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინდება და შეშფოთებული ვართ, რომ უმრავლესობის პარტიამ ამაში როლი ითამაშა. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია არის ქართული დემოკრატიული ცხოვრების არასტიმულირების სტატუს კვოს შედეგი. ჩვენ მივესალმებით მიმდინარე დიალოგს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და იმედი გვაქვს, რომ საკითხები უმოკლეს დროში მოგვარდება. მოვუწოდებთ, რომ ყველანაირი გადადების გარეშე საქართველოს მთავრობამ მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემემისთვის.
ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას და იმას, რომ 2019 წელს პროტესტების დროს ბევრი ადამიანი დაზიანდა. ძალის ზედმეტი გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის დაშლის დროს მიუღებელია. სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების კონტროლის აუცილებელი ნაწილია.
მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების ახლანდელი შერჩევა და დანიშვნა მოკლებული იყო გამჭვირვალობასა და დამსახურებებზე დაფუძნებულ ობიექტურობას. მოქალაქეების ნდობა სასამართლო სისტემისადმი აუცილებელია და საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეები, რომლების არჩევაც ჯერ არ მომხდარა, შეესაბამებიან უმაღლეს პროფესიონალურ და სარეპუტაციო სტანდარტებს.
აუცილებელია, შენარჩუნებული იყოს უკვე მიღწეული შედეგი, რათა დაცული იქნას კანონის უზენაესობა და დასრულდეს პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე.
პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე მზარდი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციას ციხით ემუქრება, არააქტიური საქმეების განახლებას და მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ გამოძიების მიმდინარეობას ან მათ პატიმრობაში ყოფნას.
აღსანიშნავია გიგი უგულავას ახლანდელი საქმე, რომელიც კითხვებს აჩენს პროცედურის, დროისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ.
საქართველო ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორი ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაში; შესაბამისად, ბრალდებები, რომ მთავრობას აქვს კავშირები დეზინფორმაციის კამპანიასთან, რომელშიც, Facebook-ის ცნობით, ასობით ყალბი ანგარიში და ჯგუფი იყო ჩართული, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია.
საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი და ყოველთვის დემონსტრირებდა სერიოზულ ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეს წერილი შესაბამისად განიხილოს და გადაწყვიტოს ეს საკითხები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ყველა დემოკრატიულ მცდელობაში და ველით საქართველო-ევროკავშირის უფრო ძლიერ პარტნიორობას მომავალში.
ხელმომწერებში არიან მწვანეების ევროპული კავშირის (EFA) 10 წევრი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 6 წევრი, სოციალ-დემოკრატების (S&D) 7 წევრი, ევროპის განახლების ჯგუფის (RENEW) 3 წევრი.