ზახაროვას შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს პუშკოვიც აკრიტიკებს

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის გუშინდელ ინციდენტს Twitter-ზე ეხმაურება.

“ქართველი ჟურნალისტები, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად ეგზალტირებული ქალბატონები… არაერთხელ გამომცდია მათი შეტევა საკუთარ თავზე – მოსკოვშიც და სტრასბურგშიც, ევროპის საბჭოში. ისინი ნიმუშად იღებენ აგრესიულ-ისტერიკული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მაგალითებს. მათ ჰგონიათ, რომ პასუხი ძირფესვიანად უნდა ამოგლიჯონ”, – წერს პუშკოვი.

Грузинские журналистки весьма экзальтированные, мягко выражаясь, дамы. Не раз испытывал их напор на себе – и в Москве, и в Страсбурге в Совете Европы. Они берут за образец худшие примеры агрессивно-истеричной журналистики. Им кажется, что ответ они должны выдрать с корнем.

— Алексей Пушков (@Alexey_Pushkov) February 25, 2020

25 თებერვალს ჟენევაში ქართველი ჟურნალისტები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ, როცა ლავროვმა მათ ავადმყოფები უწოდა.

მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, მარია ზახაროვაც, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან ქართველი ჟურნალისტების მხრიდან კითხვის დასმის მომენტში ფიზიკური დაზიანებები მიიღო.