მაია მერკვილაძემ აჭარის ტვ-ში დარჩენა გადაწყვიტა – აჭარის ტვ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამავე ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და რვასაათიანი გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო. ის მზადაა, დირექტორის, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდეს და იყოs თოქ-შოუს პროდიუსერი და რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიც.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება მაია მერკვილაძემ ტელევიზიის კანცელარიაში უკვე დატოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა.

ხელშეკრულება, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა.

19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის. 24 თებერვალს ასევე ცნობილი გახდა, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძის ნაცვლად “რუსთავი 2-ის” ყოფილი ჟურნალისტი ნინო ხაჟომია იქნება.

აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორი ნათია კაპანაძე გასული წლის გაზაფხულზე თამამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს დაუკავშირა. მას შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელსაც ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ფუნქციები შეუკვეცა.

ზოიძემ ამის შემდეგ აჭარის მაუწყებელი საერთოდ დატოვა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე. მათი აზრით, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს საკვანძო თანამდებობებიდან იმ ადამიანების გაშვებას, რომლებიც ამ ტელეარხის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავენ.

აჭარის ტვ-ის საინფორმაციოს რედაქტორ მაია მერკვილაძეს ნინო ხაჟომია ჩაანაცვლებს