საქართველოში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის სერვისების გაუმჯობესებაზე დღეს, 24 ივლისს სოლიდარობის ფონდის, ჯანდაცვის სამინისტროს, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) იეილის უნივერსიტეტის ბავშვთა ჰოსპიტალის (Yale-New Heaven Children’s Hospital) ორგანიზაცია Global Healing-ის, მედიპოლიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (Medipol Hospital) ბავშვთა ონკოლოგიისა და თურქეთის მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის (Medipol University Hospital) წარმომადგენელებმა მედიასთან ისაუბრეს.
“ჯერ კიდევ 2013 წლიდან ჩვენ განვაცხადეთ, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური სამსახურის გასაუმჯობესებლად რეფორმას ვიწყებდით. პირველ ეტაპზე ეს გამოიხატა იმაში, რომ სრულად დაფინანსდა საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიური და ძვირიანი მკურნალობა. შემდგომ ეტაპზე ეს მთლიანად თავის თავზე აიღო სოლიდარობის ფონდმა და მართლაც არაჩვეულებრივად მართავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ჩვენი სართაშორისო პარტნიორების დახმარებით მივდივართ იქეთკენ, რომ აქ, ადგილზე შეიქმნას ისეთი სერვისები ამ მიმართულებით, რომ უკვე აღარ დაჭირდეთ ბავშვს საზღვარგარეთ წასვლა”,- განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
“ჩავატარეთ დეტალური შეფასება პედიატრული ონკოლოგიური სერვისის და გვაქვს ორწლიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიკრას, ეტაპობრივად გაერთიანდეს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის ყველა ძირითადი ელემენტი და ორი წლისთავზე იმედი გვაქვს, რომ სრული მასშტაბით ამოქმედდება ძვლის ტვინის ტრასნპლანტაციის ცენტრი ბავშვებისთვის”, – ამბობს მარიამ ჯაში, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
დღესვე ექსპერტებმა ამ სფეროში საქართველოში ჩატარებული შეფასების ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
ძირითადი რეკომენდაციები, როგორც ისინი აცხადებენ, შემდეგი 5 მიმართულებით შეიძლება შეჯამდეს: ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის მმართველობისა და ინფრასტრუქტურის კონსოლიდაცია, სტანდარტებისა და რეგულაციების გაძლიერება, სპეციალისტთა მომზადება, პაციენტთა მონაცემთა ბაზისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გაძლიერება და მშობლებთან/ოჯახებთან მუშაობა დაავადების ადრეული გამოვლენისა და მხარდაჭერისათვის.
დღეისათვის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს 5 ძირითადი კლინიკა მკურნალობს. როგორც მარიამ ჯაში, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ეს სერვისი არის დანაწევრებული და არ არის სათანადოდ სტანდარტიზებული, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის უწყვეტობისა და ხარისხისათვის.
სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ მომდევნო 2 თვის პერიოდში საქართველომ შექმნას ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ეროვნული საბჭო საერთაშორისო მრჩეველთა გუნდით, რომელიც გააერთიანებს დარგში მომუშავე ყველა ძირითად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას და უხელმძღვანელებს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე ზედამხედველობას.
ამასთან, მარიამ ჯაშის თქმით, საქართველომ პრიორიტეტულ მიზნად უნდა დაისახოს არამომგებიანი ბავშვთა საავადმყოფოს შექმნა – ახალი ბაზა, რომელიც იმუშავებს, როგორც პედიატრიის დარგში წამყვანი ცენტრი.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, დღეს არსებული აპარატურა, როგორც მარიამ ჯაში ამბობს, სხივური თერაპიისათვის, როგორც კლინიკური მედიცინის კვლევით ცენტრში, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში საკმარისია და დამატებითი ინვესტიციების აუცილებლობა არ იკვეთება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია, ეს შესაბამისი სპეციალისტებია.
როგორც სოლიდარობის ფონდში აცხადებენ, მომდევნო 12 თვის პერიოდში აშშ-ში და თურქეთში მოღვაწე კოლეგები ორივე ცენტრს გაუწევენ დახმარებას პედიატრიის დარგში სხივური თერაპიის სპეციალისტების მოსამზადებლად, რომ ყველა ბავშვმა შემდგომ, საქართველოშივე მიიღოს მაღალი ხარისხის რადიოთერაპია.
“პარტნიორი ორგანიზაციები და უნივერსიტეტები მზად არიან მიიღონ ქართველი კოლეგები როგორც მოკლევადიანი (1-3 თვე), ასევე გრძელვადიანი (1-წლიანი სასწავლო პროგრამებით) სწავლებისათვის, განსაკუთრებით პედიატრი-ონკოლოგები, ბავშვთა ონკოლოგიაში მომუშავე ქირურგები და ექთნები, სხივური თერაპიის სპეციალისტები, პათანატომები და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრებისათვის მოსამზადებელი კადრები. პარტნიორი ორგანიზაციები ასევე მზად არიან წამყვანი სპეციალისტები ხანგრძლივი პერიოდებით ჩამოიყვანონ საქართველოში, რათა მოხდეს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება პედიატრიული ონკოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებით”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციითვე, მომდევნო 6 თვის პერიოდში ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიაში ყველა ეროვნული პროტოკოლისა და გაიდლაინის გადახედვა უნდა მოხდეს.
“მისიის განსაკუთრებული რეკომენდაციაა, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი ბავშვებისათვის განთავსდეს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ერთიან ძლიერ ბაზაზე შემდგომი 2 წლის პერიოდში”, – ნათქვამია იმ რეკომენდაციებში, რომელიც ექსპერტებმა ერთობლივად შეიმუშავეს.
