ახალი ამბები

ტარიფების დადგენა სხვა სამედიცინო სერვისებზეც იგეგმება – მინისტრი

21 თებერვალი, 2020 • 904
ტარიფების დადგენა სხვა სამედიცინო სერვისებზეც იგეგმება – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარდიოლოგიის მსგავსად, ერთიანი ტარიფები სხვა სამედიცინო მომსახურებებზეც დაწესდება, თუმცა ჯერჯერობით არ ამბობს, რომლებზე. ამის შესახებ მან ტვ პირველის გადაცემა “საქმის კურსში” ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა შემდეგი მიმართულება ოფთალმოლოგია, სადაც სახელმწიფო ერთიან ტარიფს დაუდგენს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს, ტიკარაძე პასუხობს:

“არამხოლოდ ოფთალმოლოგია… შვიდი მიმართულებით იგეგმება ახალი დადგენილება. ამაზე გარკვეული ჯგუფები მუშაობენ. კვირის ბოლოს რამდენიმე ჯგუფი უკვე შეიკრიბება და დადგენილ ტარიფზე იმსჯელებს. ალბათ, უახლოეს ორ კვირაში ახალი დადგენილება გვექნება… ჩვენი მიზანი ტარიფების შემცირება არ არის. დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ ღირებულება.”

მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებული დადგენილებით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი