ზალკალიანი შეშფოთებას გამოთქვამს დონბასში შეტევაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ძლიერ შეშფოთებულია დონბასში უკრაინულ ძალებზე თავდასხმით.

უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთით – დონბასის რეგიონში, რომლის ნაწილსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები იკავებენ — მათ სამხედროებზე შეტევა განხორციელდა.

BBC-ის ცნობით, დაპირისპირება ლუგანსკის სოფელ ზოლოტოეში დაიწყო. უკრაინული მხარის ცნობით, ერთი სამხედრო გარდაიცვალა, ოთხი კი დაიჭრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა:

„ღრმად შეშფოთებული ვარ ცნობებით ზოლოტოეს მახლობლად უკრაინულ პოზიციებზე რუსეთის მხარდაჭერილი თავდასხმის შესახებ. სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში ყველანაირ პროგრესს ანგრევს“.

Deeply concerned over reports of Russian-backed attack on Ukrainian strongholds near #Zolote today. Military escalation undermine efforts towards peaceful settlement and ruin any progress in this process @MFA_Ukraine @VPrystaiko

— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 18, 2020

ლუგანსკის მხარე აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს და დანაღმულ ველს წააწყდნენ. მათი განცხადებითვე, ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

კონფლიქტის ახალი ფაზა არღვევს მხარეებს შორის დადებულ მინსკის შეთანხმებას და ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარების სხვა მცდელობებს.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

კონფლიქტი უკრაინაში 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა ევრომაიდანის შემდეგ ხელისუფლებას ჩამოაშორეს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა გადაიფიქრა.