ახალი ამბები

“ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები” – კობახიძე ხოშტარია-ნადირაშვილზე

18 თებერვალი, 2020 • 1380
“ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები” – კობახიძე ხოშტარია-ნადირაშვილზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს, პარლამენტში არჩილ თალაკვაძის მოხსენების დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის გამო  და “სასოწარკვეთილ ნაციონალ დიასახლისებად” მოიხსენიებს.

კობახიძე ამბობს, რომ საქართელოში საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი ნაციონალური მოძრაობაა და პარლამენტში არაა იმ დეპუტატების ადგილი, რომლებიც “ხელით და გულით საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს დაატარებენ”:

“ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ და უფრო მდაბიოს, ეს იყო ძნელად წარმოსადგენი.

თუმცა ესეც მოახერხეს. მე ვთქვი სხდომთა დარბაზში და კიდევ ვიტყვი, იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. ელენე ხოშტარია იყო, ის დავინახე და ირმა ნადირაშვილი” ,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს, 18 თებერვალს, საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა იყო სიმბოლური ნაბიჯი ოპოზიციის მხირდან.

“მე მომწონს, როდესაც დარბაზში ჟღერს საქართველოს ჰიმნი, “დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება”, მაგრამ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო კომუნისტური პარტიის ჩვეულებრივი სხდომა და, შესაბამისად, ყველაზე უფრო სიმბოლური და ყველაზე უფრო შესაფერისი იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნის სტრიქონები, რომლებსაც ისინი ისმენდნენ”, – თქვა ირმა ნადირაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში”.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და სხვებსაც ემუქრებიან დაპატიმრებით, რის გამოც, მისი შეფასებით, პარლამენტში იყო საბჭოთა კავშირის სულისკვეთება.

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი