წიგნის მაღაზიების გაფიცვა რუსეთში “ქსელის” საქმის გამო

რუსეთში წიგნის ზოგიერთმა მაღაზიამ ერთი დღით მუშაობა შეაჩერა. ინიციატორებმა ამას „წიგნის გაფიცვა“ უწოდეს. მათი თქმით, ამის მიზეზი რუსეთში გახმაურებულ „ქსელის“ საქმეზე გამოტანილი განაჩენები და გამოძიების პროცესია. ინფორმაციას ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს.

„როგორ შეიძლება გაყიდო ნათელი, სამუდამო, კეთილი წიგნები, როდესაც ადამიანებს აწამებენ? როგორ შეიძლება მოუწოდო ვინმეს, უთანაგრძნოს საყვარელი წიგნის გმირებს, როცა აზრისთვის, გამოხატული ფანტაზიისთვის შეიძლება უზარმაზარი სასჯელი, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობა მიიღო?“, – ნათქვამია წიგნით მოვაჭრეების მიმართვაში.

გაფიცვაში მონაწილეობას იღებენ რუსეთის რამდენიმე ქალაქში არსებული სხვადასხვა მაღაზიები.

10 თებერვალს ქალაქ პენზის სასამართლომ შვიდ ანტიფაშისტ აქტივისტს 6-დან 18 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ედებოდათ ტერორისტული დაჯგუფების ორგანზიაცია-მონაწილეობაში, “რომლის წევრებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების ჩატარებასა და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას აპირებდნენ”. მათი განცხადებით, აღიარებითი ჩვენება უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომლების მიერ წამების გამო მისცეს.