ახალი ამბები

ევროპარლამენტარების განცხადებები ზედაპირულია – კალაძე

17 თებერვალი, 2020 •
ევროპარლამენტარების განცხადებები ზედაპირულია – კალაძე

„ოცნების“ გენერალური მდივანისა და თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ევროპარლამენტარების ბოლოდროინდელი განცხადებები ზედაპირულია.

კალაძემ დღეს ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა, რა დროსაც ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ არსებობს ევროპარლამენტარების დიდი ჯგუფი, რომელსაც ბევრი შენიშვნა აქვს. ჟურნალისტმა ჰკითხა კალაძეს, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მათი განწყობები საქართველოს მიმართ საგანგაშოა და პარალელურად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს „ოცნება“.

„ნაბიჯების გადადგმას რაც შეეხება, ეს არის უფრო ხშირი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან [ევროპარლამენტარებთან], იმიტომ, რომ განცხადებებს რასაც ვისმენდით, ეს არის ზედაპირული განცხადებები…

ჩვენ ბევრი შეხვედრა გავმართეთ, ეს იყო ერთი თვით ადრე დაგეგმილი შეხვედრები და ამ ადამიანებს ჰქონდათ ბევრ საკითხთან დაკავშირებით არასწორი, ცალმხრივად მიღებული ინფორმაცია, რაც ძალიან ცუდია,“- ამბობს კალაძე.

კალაძის ამ სიტყვების შემდეგ, ჟურნალისტი მას ეკითხება, არის თუ არა ახლა ამგვარი კომუნიკაციის წამოწყება დაგვიანებული, რაზეც კალაძე ამბობს, რომ : „დაგვიანებული არასდროს არაფერი არის“.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს კომუნიკაცია და მუშაობა საქართველოს პარტიორებთან, სტრატეგიული ურთიერთობა კი მნიშვნელოვანია.


ევროპარლამენტში 13 თებერვალს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი განცხადება ჩავარდა.

12-13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან – დავით სონღულაშვილი, ევროპარლამენტიდან კი მარინა კალიურანდი ხელმძღვანელობდნენ. სხდომაზე  უნდა მიეღოთ ერთობლივი განცხადება, თუმცა მხარეები დოკუმენტის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. “

„ქართული ოცნება” მხარს უჭერდა თავდაპირველად ინიცირებულ სამუშაო პროექტს, თუმცა ევროპარლამენტის წევრებმა და ოპოზიციამ დოკუმენტში 40-მდე შესწორება წარმოადგინეს. “ქართულმა ოცნებამ” კრიტიკულ შესწორებებს მხარი არ დაუჭირა, დოკუმენტის თავდაპირველმა ვარიანტმა კი საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი