ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკარო და მძიმე პირობების მქონე პირები საცხოვრებელი ფართით ვერ უზრუნველყო – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა ხარვეზებით წარმართა.

“მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა პირველ რიგში ვრცელდება ისეთ ოჯახებზე, რომლებიც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები, დაკეტილა და საცხოვრებლად არ გამოიყენება,10 რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები. სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც ფაქტობრივად არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული” – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ასევე სოფელ ორსანტიაში შამადელასა და კოკში სახლები ააშენა შპს „ევრომშენი 999“-მა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით და ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით დადგენილი პარამეტრების შეუსაბამოდ.

ამასთან, სოციალური სახლების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 47-დან 2 სახლისმშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ დაუსრულებია ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.

გარდა ამისა აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის შესწავლის პროცესში გამოავლინა სხვა ნაკოვანებებიც:

– სავარაუდოდ, მაღალი ლიკვიდურობის ქონება მუნიციპალიტეტმა გასცა უკონკურენტო გარემოში, ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმის გამოყენებით, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა

– მუნიციპალური ქონების ნაწილი, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შესაბამის შემოსავალს.

– ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტმა წარმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით, საკრებულოს მიერ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და სავარაუდოდ, არ აჩვენა დანაკლისი ქონების ნაწილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსგავსი ანგარიში გამოქვეყნა საქართველოს სხვადასხვა რეიონების შესახებ, სადაც დეტალურად განიხილა ის პროექტები, რომელთა დაგეგმვის მიუხედავად მათი შესრულება ვერ მოხერხდა, ან ნაწილობრივ მოხერხდა.