ახალი ამბები

წიაღითსარგებლობის ლიცენზიაზე რამდენიმე აუქციონი კანონდარღვევით გამოცხადდა – მწვანე ალტერნატივა

13 თებერვალი, 2020 • 1532
წიაღითსარგებლობის ლიცენზიაზე რამდენიმე აუქციონი კანონდარღვევით გამოცხადდა – მწვანე ალტერნატივა

“მწვანე ალტერნატივის” ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსა და წიაღის ეროვნულ სააგენტოს კანონდარღვევით აქვთ გამოცხადებული რამდენიმე აუქციონი.

საუბარია პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესზე”, რომლის ფარგლებში სამინისტრომ  წიაღთსარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე, 6 აუქციონის შემთხვევაში  სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა აუქციონი მაინც გამოცხადდა.

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, აუქციონის გამოცხადებამდე წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის განცხადებით; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, სკრინინგის პროცედურის შედეგად, უნდა დაადგინოს, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოსდაცვით შეფასებას ან საერთოდ მიზანშეწონილია თუ არა საქმიანობის განხორციელება”,-აცხადებენ “მწვანე ალტერნატივაში.”

ორგანიზაციის ინფორმაციით, სკრინინგის პროცედურა სამგვარი შედეგით შეიძლება დასრულდეს:

  1. თუ სკრინინგის შედეგად გადაწყდა, რომ ლიცენზიით სარგებლობა არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ-ს), ლიცენზიანტი ვალდებული იქნება დაიცვას მხოლოდ მოქმედი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და სხვა გარემოსდაცვითი ნორმები;
  2. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გადაწყვეტს, რომ აუცილებელია გზშ-ს ჩატარება, გზშ კვლევის ჩატარებისათვის ლიცენზიანტი საჭირო ხარჯის გაღების ვალდებულების წინაშე დადგება.
  3. სკრინინგის პროცედურის შედეგად, შესაძლოა, ასევე, დადგინდეს, რომ არსებობს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი (ანუ ლიცენზირებული საქმიანობა არ უნდა განხორციელდეს). ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვეღარ ისარგებლებს შეძენილი ლიცენზიით.

“ზემოაღწერილი კანონდარღვევის დაფარვას წიაღის ეროვნული სააგენტო გასაყიდი ლიცენზიის პირობებში შემდეგი ჩანაწერით ცდილობს: „ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება: “…ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება“. სკრინინგის გადაწყვეტილების არქონის პირობებში კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები უკიდურესად ბუნდოვანია ლიცენზიის მაძიებლისათვის და მომავალში, შესაძლოა, დავის საფუძველიც გახდეს.”

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნიათ, რომ კანონდარღვევით გამოცხადებული აუქციონები უნდა გაუქმდეს. ამ აუქციონების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ. ნეტგაზეთი ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი