ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე პირი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ბრალდებული, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. 2019 წლის ოქტომბრიდან იძებნებოდა.

საქმე ეხება გასულ წელს ლისის ტბაზე მომხდარ ფაქტს. შსს-ს თანახმად, კაცი ჯერ დაიჭირეს, შემდეგ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს და  სხვადასხვა იარაღით დაჭრეს. ის მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა 2019 წლის 6 ოქტომბერს თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით
თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ იგი წაიყვანეს ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულზე სიცოცხლისთვის
სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, დაკავებულთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პასუხისგებაში დაუსწრებლად მიცემულია და ამ დრომდე იძებნება 4 პირი: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.