ევროპელი სოციალისტები უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას ემხრობიან

ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომელიც “ქართული ოცნების” პარტნიორია ევროპაში, მხარს უჭერს უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი მისიის მივლენას საქართველოში.

აღნიშნული წინადადება ევროპარლამენტარებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა და გენერალურმა მდივნებმა – ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ – სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას შესთავაზეს.

“ჩვენ მივესალმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისკენ მიმართულ ამ ნაბიჯს. ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფისა და ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობით მისია დაეხმარება ამ საქმის არსის ზედმიწევნით შესწავლასა და შეფასებაში და სიცხადეს შემოიტანს საკითხში”, – განაცხადა PES-ის პრეზიდენტმა სერგეი სტანიშევმა.