ახალი ამბები

რა შეიცვლება „ახალი სკოლის მოდელში“ – სამინისტროს განმარტება

12 თებერვალი, 2020 • 1534
რა შეიცვლება „ახალი სკოლის მოდელში“ – სამინისტროს განმარტება

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ 2020 წლისთვის „ახალი სკოლის მოდელში“ ცვილებები შევა, კერძოდ, გაფართოვდება იმ სკოლათა ჩამონათვალი, რომელიც სწავლების ამ პრინციპზე გადავლენ. ასევე, მოდელის გაფართოების ფარგლებში მასში დაწყებით საფეხურთან ერთად 5-9 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სამინისტროს პროგრამაა, რომლითაც უწყებას ქვეყანაში სწავლების ხარისხის სისტემის აწევა სურს. ეს მოდელი ამჟამად 165 სკოლაშია იმპლემენტირებული და მისი მთავარი პრინციპი მოსწავლეზე ორიენტირებულობაა. უწყება გეგმავს, რომ 2024 წლისთვის სწავლების ამ პრინციპზე საქართველოს ყველა სკოლა გადავიდეს.

„ახალი სკოლის მოდელის“ თანახმად, მასწავლებელი უფრო მეტად თავისუფლდება იმ გზებში, რომლითაც მან ეროვნული სასწავლო გეგმით დაწესებულ მიზნებს უნდა მიაღწიოს.

შესაბამისად, თითოეული სკოლა თავად სახავს ინდივიდუალურ გეგმას. მაგალითისთვის, მას თავად შეუძლია განსაზღვროს, რამდენ ხანს გაჩერდება ერთ ტექსტზე თუ  გაკვეთილზე და ამ პროცესში ასევე გამოიყენებს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებსაც.

გარდა ამისა, ეს მოდელი გულისხმობს სკოლების შეფასების ნაწილსაც. აკადემიური მოსწრებისა და ინდივიდუალური გეგმების გათვალისწინებით, სამინისტრო ქმნის სკოლების პროფილებს, რომლებშიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეებია ასახული.

„მოდელი ახალ ეტაპზე გადადის“ – რას გეგმავს სამინისტრო

სამინისტრომ დღეს, 12 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 2024 წლისთვის აპირებს, საქართველოს ყველა სკოლა ახალ მოდელზე გადაიყვანოს. 2019 წელს ამ მოდელზე 165 სკოლა გადავიდა, უწყების თქმით, 2020 სასწავლო წლიდან პროექტი 300-მდე სკოლას მოიცავს და მასში 96 000 მოსწავლე და 8 000 მასწავლებელი იქნება ჩართული.

პროექტის გაფართოების ფარგლებში, სამინისტრო ამბობს, რომ თუ აქამდე „ახალი სკოლის მოდელით“ მხოლოდ დაწყებით საფეხურს, ანუ 1-დან 4 კლასის ჩათვლით ასწავლიდნენ, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის 5-9 კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვებიან.

თუმცა უწყება დასძენს, რომ პროექტის საქართველოს ყველა სკოლაში დანერგვისთვის აუცილებელია შეიქმნას ექსპერტების ჯგუფი, რომელიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. ჯგუფის იდეა სამინისტროს შემდეგნაირად წარმოუდგენია:

ეს არის 14 საგნობრივი ექსპერტისგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი, რომელიც რესურსცენტრის ბაზებზე იმუშავებს. გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, მასში შევლენ დაწყებითი საფეხურის, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები.

ამ კადრების შერჩევა სამინისტრომ ღია კონკურსის მეშვეობით მარტში უნდა დაიწყოს, შემდგომ სექტემბრამდე ისინი სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, სექტმბრიდან კი შეუდგებიან სკოლებში მუშაობას. თუმცა უწყება ჯერ ვერ ამბობს, „ახალი სკოლის მოდელის“ ბიუჯეტიდან (დაახლ. 20 მლნ ლარი) კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება ამ იდეის განხორციელებისთვის.

სამინისტროში ამბობენ, რომ ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მარტში გაასაჯაროებენ.

„რეფორმა ახლა უკვე 5-9 კლასის მოსწავლეებსაც მოიცავს. შესაბამისად, თუკი ჩვენ სასწავლო გეგმის ექსპერტი გვყავდა ოთხწლედის ფარგლებში, აქ კი უკვე შემოდის საგნობირივი ცოდნა, ამიტომ საჭიროა საგნობრივი ექსპერტები. ვთქვათ, ფილოლოგი ვერ დააკვალიანებს ფიზიკის მასწავლებელს.

14-კაციანი ჯგუფის სკოლებში მივლენის დღიდან (სექტემბრიდან) პროცესი დაიყოფა ორ ნაწილად: ტრენინგების დრო და პროცესები მხარდაჭერისა და მართვის დროს“,- ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, განათლების ექსპერტი თამარ ჯაყელი.

ჯაყელი ჟურნალისტებს უყვება, რომ პირველ ეტაპზე შეირჩევა 14 სკოლა, თითო სკოლაში კი თითო საგნობრივი ექსპერტი შევა. ისინი ტრენინგებს ჩაუტარებენ მასწავლებლებს და „მოხდება ერთგვარი მოთელვა/გაცნობა, რომლის მთავარი მიზანია, რომ სკოლამ საბოლოოდ თავისი სასწავლო გეგმა განავითაროს“.

მეორე ეტაპზე კი თითო ექსპერტი თითო სკოლას “ჩაიბარებს“. სკოლაში კი საჭიროების შესაბამისად უკვე იქნება ასისტენტი და ადგილობრივი კადრი, რომელიც კურიკულუმის ხელმძღვანელის ფუნქციას შეითავსებს.

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ჩარჩო-დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო შედეგს დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობით მიიღებს.

„დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა“.

ამავე თემაზე

რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

“ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ხმის უფლება” – რას გულისხმობს ახალი სკოლის ესტონური მოდელი

მასალების გადაბეჭდვის წესი