ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საელჩოს და შსს-ს მიერ ერთობლივად ჩატარებულ წარმატებულ საგამოძიებო ღონოსძიებებში მონაწილეობისთვის დააჯილდოვეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ერეკლე მოძღვრიშვილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნინო კობახიძე, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი.
აშშ-ის ელჩმა მადლობის სიგელი შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანსაც გადასცა.
გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 10 ივლისს წერს და ფოტოებსაც ავრცელებს. ფაქტს საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამახურიც ადასტურებს.
„მადლობას მოგახსენებთ აშშ-ს საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდაცვით საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. თქვენი ხელმძღვანელობით, 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის პერიოდში, შეიქმნა ეროვნული პლატფორმა, რომელიც ეძღვნებოდა ვიზების გაყალბების, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის საკითხების განხილვას. აღნიშნულ თემებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობით, თქვენ დაიცავით საქართველოს მოქალაქეები, რომ არ გამხდარიყვნენ ამ ძალიან სერიოზული დანაშაულების მსხვერპლნი. ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი პროფესიონალიზმის წინაშე, ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას და გამოვთქვამთ გულწრფელ მადლიერებას თქვენი მიერ გამოჩენელი მტკიცე ძალისხმევისთვის”, – მადლობის ამ ტექსტს თავად ნინო გიორგობიანი ავრცელებს.
თავად აშშ-ის საელჩოს ამ თემაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი 10 ივლისს გაიმართა. მადლობის სიგელები შსს-ს თანამშრომლებს სწორედ მატჩის დაწყებამდე გადასცეს.
