ახალი ამბები

მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში – უგულავა

10 თებერვალი, 2020 • 1139
მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. უგულავას თქმით, ბრძოლას ციხიდან გააგრძელებს.

“ივანიშვილმა თადუმაძის ხელით პრაქტიკულად იგივე საქმეზე მომისაჯა, რაც მაქვს მოხდილი არსებითად. არ ვაპირებ სამართლებრივ ნაწილში შევიდე, იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი არაფერია. ეს არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული და პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომელთაც იმის დროც არ ჰქონდათ, ამ საქმეს გაცნობოდნენ. ჩემთვის სასიხარულია, რომ ოდნავ თავმოპოყვარე მოსამართლემაც არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება და უდიპლომო თადუმაძის და გაბინაშვილის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ, რომელიც “ლეობორისტული პარტიის” ოფისში იმყოფება, განაცხადა, რომ “ევროპული საქართველოს” ოფისში გადაინაცვლებს და იქ დაელოდება დაპატიმრებას. ამავდროულად, უგულავამ მზადყოფნა გამოთქვა, პირადად მივიდეს მითითებულ ციხეში.

“მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს. ერთობა არის გამარჯვების წინაპირობა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად პოლიტიკური წნეხისა როგორც გარედან, ისე შიგნიდან, ივანიშვილი გონდაკარგულია და ეს არის მოცემულობა. არავითარი დაჭერა არ შეგვაცვლევინებს აზრს და არ ვაპირებთ ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან. არ ვაპირებთ ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. ასეთი ქმედებებით ივანიშვილი მხოლოდ სიტუაციის რადიკალიზაციას ახდენს. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ, მესამეჯერ წავიდე ციხეში”, – განაცხადა უგულავამ.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი