ახალი ამბები

ვაკეში კომპანიას 3 მრავალსართულიანი კოშკის აშენება სურს

7 თებერვალი, 2020 • 3064
ვაკეში კომპანიას 3 მრავალსართულიანი კოშკის აშენება სურს

ვაკეში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #37-ში, კომპანიას შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ სამი მრავალსართულიანი კოშკის აშენება სურს, რომელიც მათი თქმით, მულტიფუნქციური იქნება. ეს ის ადგილია, სადაც წლების წინ საერთო საცხოვრებელი ააშენეს, ახლა კი აქ იძულებით გადაადილებული პირების ნაწილია დასახლებული.

მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, პროექტი ატვირთულია არა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე, არამედ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ბაზაში.

ჯერჯერობით პროექტი განხილვის სტადიაშია და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს. დამატებით კითხვებისთვის კი ურბანული განითარების სამსახურის პრესსამსახური გვეუბნება, რომ ინფორმაცია საჯარო წესით გამოვითხოვოთ და 10 სამუშაო დღეში ჩვენ მას უკან მივიღებთ.

საპროექტო ტერიტორიის ფართობი, არქიტექტურის სამსახურის საიტზე ატვირთული ინფორმაციის მიხედვით, 7321 მ2 უნდა იყოს და კომპანიის სურვილის მიხედვით, აქ აშენდება შენობათა კომპლექსი, რომელიც იქნება ასეთი:

ფოტო: რენდერი ურბანული განვითარების საიტიდან.

რაც შეეხება ფუნქციებს, კომპანია ამბობს, რომ კოშკებს საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული, საზოგადოების თავშეყრის, გასართობი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქცია ექნება. მათივე თქმით, მოეწყობა სარეკრეაციო სივრცეც, რაც მთლიანი ტერიტორიის 20%-ს დაიკავებს.

“სამი კოშკისგან შემდგარი მრავალფუნქციურ კომპლექსში საცხოვრებელი სექტორის ჯამური ფართობი თავმოყრილია A და B კოშკებში და დაახლოებით შეადგენს – 42 050კვ.მ-ს,“ – ნათქვამია პროექტში.

ფოტო: რენდერი ურბანული განვითარების საიტიდან.

ამასთანავე,  სატრანსპორტო ნაკადების ორგანიზებისთვის „კომპლექსის ფარგლებში, სავარაუდოდ, იგეგმება ორი ტიპის საპარკინგე არეალების გამოყოფა, რომელიც თავისი შინაარსით და დანიშნულებით მიიღებს ერთმანეთისგან განსხვავებული სტატუსის სახეს. დამკვეთის სურვილით ერთმანეთისგან, სავარაუდოდ, გაიმიჯნება კომპლექსის ვიზიტორების და მაცხოვრებელების საპარკინგე არეალები“.

ფოტო: რენდერი ურბანული განვითარების საიტიდან.

რაც შეეხება თავად კომპანიას, შპს-ს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ 100%-იანი წილის მფლობელი ივერი ჭალიძეა. რეესტრის თანახმად, ის 16 კომპანიასთან ფიგურირებს. მათ შორის არის „ანაგი დეველოპმენტისა“ და „არქი დეველოპმენტის“ დირექტორი.

სქრინშოტი რეესტრიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი