თურქმენეთში 40 წლის ასაკს გადაცილებული კაცი ჩინოვნიკები დაავალდებულეს, პრეზიდენტის მსგავსად, ჭაღარა თმა ჰქონდეთ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ თურქმენული რედაქციის კორესპონდენტი იუწყება.
ჩინოვნიკები ამგვარად უნდა დაემსგავსონ თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვს, რომელიც ბოლო დროს ჭაღარა თმით ჩნდება. 2007 წელს, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე, იგი ისედაც ჭაღარა იყო, თუმცა შემდეგ შავი თმა ჰქონდა. სანამ ჭაღარას მალავდა, ხელმძღვანელობა ჩინოვნიკებს და სახელმწიფო მოხელეებს აგრეთვე სთხოვდა ჭაღარის დამალვას, იუწყება გამოცემა.
აგრეთვე, პრეზიდენტის ვიზიტის შემთხვევაში, მასთან მიღებაზე მხოლოდ ჭაღარა ჩინოვნიკები დაიშვებიან, ამბობენ „რადიო თავისუფლების“ თურქმენულ განყოფილებაში.
2019 წლის იანვარში თურქმენეთის სახელმწიფო დაწესებულებებს დაავალეს, პრეზიდენტის ახალი პორტრეტები შეეძინათ, სადაც ჭაღარა თმით იქნებოდა გამოსახული.
„რადიო თავისუფლების“ თურქმენულ განყოფილებაში აღნიშნავენ, რომ თემაზე ოფიციალური კომენტარი ვერ მოიპოვეს.