ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სადამფუძნებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს 57 დამფუძნებელი წევრი ქვეყანა ჰყავს. საქართველო ბანკის 45-ე დამფუძნებელი ქვეყანაა.

 

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სხვადასხვა წარმოების სექტორებში ინვესტირების გზით აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება, რეგიონული პარტნიორობის ხელშეწყობა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი, აცხადებს სამინისტრო.

 

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი

ბანკის დამფუძნებლებს შორის არიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბრუნეი დარუსალამი, კამბოჯა, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იორდანია, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალაიზია, მალდივები, მონღოლეთი, მიანმარი, ნეპალი, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, ყატარი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, შრილანკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, უზბეკეთი, ვიეტნამი.

 

წევრები არიან ასევე: ავსტრია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.

 

ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წლის ბოლომდე  ღია იქნება კიდევ შვიდი ქვეყნისთვის. ახალი საფინანსო ინსტიტუტის ამოქმედება სწორედ წლის ბოლოსთვის იგეგმება, აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *