კობახიძე PACE-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საქაართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში დღეს გაიხსნა, PACE-ს ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს.  ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ავტომატურად იქნება PACE-ს ბიუროს წევრიც.

განახლდა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ირაკლი კობახიძე (დელეგაციის თავმჯდომარე), დავით ბაქრაძე, ირაკლი ბერაია, კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ზამთრის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ხვალ კი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიურად, მორიგი სესიის დაწყებისას წინ ირჩევს 20 ვიცე-პრეზიდენტს, რომელთა მანდატი ძალაშია მომდევნო სესიამდე. ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა წევრი ქვეყნების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა.

განსხვავებული ზომის ეროვნულ დელეგაციებს შორის ვიცე-პრეზიდენტების პოსტების სამართლიანად გადანაწილების მიზნით, წევრი ქვეყნები დაყოფილია 4 ჯგუფად. დელეგაციებს, რომელთაც 18 ადგილი აქვთ ასამბლეაში (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, თურქეთი, გაერთაინებული სამეფო), ყოველწლიურად ჰყავთ ვიცე-პრეზიდენტი. დელეგაციები, რომელთაც 12-დან 17-მდე ადგილი აქვთ (პოლონეთი, ესპანეთი და უკრაინა), 2 ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იყოფენ ისე, რომ ერთი ყოველწლიურად იცვლება. დელეგაციებს, რომელთაც 5-დან 11-მდე ადგილი აქვთ (ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი და შვეიცარია), ერთობლივად 8 ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკუთვნით, რომელთა ნახევარი ყოველწლიურად იცვლება. დანარჩენი 17 დელეგაცია 4 ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ინაწილებს ისე, რომ ყოვეწლიურად აუცილებელია 2-ის შენაცვლება. როტაცია ინგლისური ალფაბეტის მიხედვით ხორციელდება.

ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციაა, უხელმძღვანელოს ასამბლეას თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. ისევე, როგორც თავმჯდომარეს, ვიცე-პრეზიდენტსაც არ შეუძლია დებატებში მონაწილეობა მაშინ, როცა ასამბლეას თავმჯდომარეობს. როცა სხდომას უძღვება ვიცე-პრეზიდენტი, მის შემცვლელს შეუძლია დაიკავოს ვიცე-პრეზიდენტის ადგილი ასამბლეაზე და დებატებსა და ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარისგან განსხვავებით, ვიცე-პრეზიდენტებს ჩვეულებრივ შეუძლიათ დებატებში მონაწილეობა, როცა ისინი სხდომას არ თავმჯდომარეობენ.