ახალგორელების ნაწილისთვის გზა რამდენიმე დღით გაიხსნა

ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტის რამდენიმეთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, დღეს, 24 იანვარს, ცხინვალმა ახალგორელების ნაწილისთვის გზა რამდენიმე დღით გახსნა. კერძოდ, გადაადგილების საშუალება მისცეს იმ პენსიონერებს, რომელთაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა გააჩნიათ და ქართულ პენსიაზე არიან დამოკიდებული. 2019 წლის აგვისტოში, სოფელ წნელისში ქართული პოლიციის პოსტის ჩადგმის შემდეგ, ცხინვალმა, დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ახალგორის თბილისისკენ გამშვები პუნქტი ჩაკეტა და, შესაბამისად, ახალგორის მოსახლეობას ჰუმანიტარული კრიზისი შეუქმნა. ბიბილოვი თბილისს დღემდე ულტიმატუმს უყენებს – გამშვები პუნქტის გახსნა ახალგორელებისთვის მხოლოდ შესაძლებელი იქნება წნელისში ქართული პოლიციის პოსტის აღების შემდეგ.