ახალი ამბები

ქართულ მედიაში კრემლისტური News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა – მითების დეტექტორი

17 იანვარი, 2020 • 2476
ქართულ მედიაში კრემლისტური News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა – მითების დეტექტორი

2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედიაბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი “მითების დეტექტორი” ავრცელებს, რომელმაც ფეისბუკ-გვერდის წარმომავლობა შეისწავლა.

მედიის განვითარების ფონდის მიერ შექმნილი პორტალის მიხედვით, საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი”, ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე, reg.ru-ზე დარეგისტრირდა. “მითების დეტექტორის ინფორმაციით” ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს და მასზე ინფორმაცია 8 ენაზე – რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად – ქვეყნდებოდა.

ოქტომბერში კი, “მითების დეტექტორის” განცხადებით, პლატფორმას ქართული ენაც დაემატა.

როგორც პორტალი წერს, News Front უკრაინის ტერიტორიების – დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის – დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.

შესწავლის შედეგად “მითების დეტექტორმა დაადგინა, რომ „News Front”-ის ფეისბუკ-გვერდს კავშირები აქვს ღიად პრორუსულ აქტორებთან, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე, ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს.

“მითების დეტექტორის” მიხედვით, News Front-ის ქართულენოვან მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები ერთი ჯგუფიდან იმართება.

ფეისბუკზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, News Front Georgia-ს ფეისბუკ-გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც “მითების დეტექტორის” თქმით, ამავდროულად, “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ-გვერდის ადმინისტრატორიცაა.

2019 წლის აპრილში კონსტანტინე ჩიკვილაძე “რუსული სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებთან და ულტრანაციონალისტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაცია”, რომლის ფარგლებშიც “უკვდავი პოლკის” მიერ 9 მაისის აღმნიშვნელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, კონსტანტინე ჩიკვილაძე ასევე მართავს პატრიოტი ტვ-ს ღია ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ირემაძეა. გიორგი ირემაძე კი, თავის მხრივ, პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია. ამასთან, 2017 წლის აგვისტოში ირემაძე სპუტნიკის ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას.

პარალელურად, „News Front”-ის ფეისბუკ-გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”.

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ- Kidobani News.

პორტალი წერს, რომ სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა. ჯგუფს News-Front Georgia-ს გვერდის გარდა 6 ადმინისტრატორი ჰყავს, ასევე 6 ადმინისტრატორი ჰყავს თავად News-Front Georgia გვერდს.

გვერდის ადმინისტრატორები არიან:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი