გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ე.გ. დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 ივლისს ე.გ-მ, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში გააუპატიურა ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჰ.

სამართალდამცველებმა ე.გ. გაუპატიურების ფაქტიდან მეორე დღეს, 27 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა ბრალდება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ე.გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაკავებისთანავე შეეფარდა.